“ზესტაფონი” და “მეტალურგი” ფინანსების გარეშე დარჩნენ

მიუხედავად თითქოს და მიღწეული შეთანხმებისა საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონში” კვლავ ფინანსური პრობლემებია. 19 მარტს ზესტაფონის საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ქალაქის მმართველბი იურიდიული საკითხების დაზუსტების გამო კლუბის დაფინასებაზე ისევ უარს ამბობენ. არადა, კლუბის ბიუჯეტში ამ ეტაპზე ერთი თეთრიც კი არ არის.

ანალოგიური ვითარებაა რუსთავის “მეტალურგშიც”, სადაც სტადიონის ყველა თანამშრომელი უკვე რამდენიმე თვეა გაფიცულია და არენაზე არანაირი ელემენტარული პირობებიც კი არ არის. გარდა ამისა, რუსთავულ კლუბს 8 მილიონიანი ვალიც აქვს, რაც პოტენციური ინვესტორების მოსვლასაც აფერხებს. “მეტალურგის” დამრიგებელმა, ვარლამ კილასონიამ უკანასკნელი მატჩის შემდეგ ისიც კი განაცხადა, რომ მისმა კლუბმა ჩემპიონატი, შესაძლოა, ვერც ჩაამთავროს. 

ამრიგად, ქვეყნის ორი ტრადიციული საფეხბურთო კერა დიდი საფრთხის წინაშეა და თუ სხვა ქალაქებში კლუბის შესანახი თუნდაც მინიმალური სახსრები გამოინახა, ამას რუსთავი და ზესტაფონიც აუცილებლად იმსახურებენ.

ათასი გოლისა და ათასზე მეტი ქულის ამბავი

1 მარტს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საჩხერის საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” წინააღმდეგ გამართული შეხვედრის 77-ე წუთზე ”ზესტაფონის” ფორვარდმა გიორგი ილურიძემ გაიტანა გოლი, რომელიც მარგველთათვის უმაღლეს ლიგაში გატანილი რიგით მე-1000 გამოდგა.

უნდა დავაზუსტოთ, რომ საუბარია უმაღლეს ლიგაში ქალაქ ზესტაფონის წარმომადგენელი სამივე საფეხბურთო კლუბის (“მარგვეთი”, “მეტალურგი” და ”ზესტაფონი”) საერთო მონაგარზეა. ორიოდე სიტყვით უნდა ითქვას იმაზეც, რომ მარგველთა მიერ ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებული მატჩების საერთო რაოდენობა სადღეისოდ 648 შეადგენს. ამ შეხვედრებში ზესტაფონელებს მოპოვებული აქვთ 299 გამარჯვება და 126 ფრე, 223 მატჩი კი იმერლებმა დათმეს. ამ შეხვედრებში გატანილია 1000 და გაშვებულია 861 გოლი, მოპოვებულია 1023 ქულა.

ეროვნული პირველობის უმაღლეს ლიგაში ზესტაფონელთა დებიუტი მეორე ეროვნულ ჩემპიონატში შედგა – 1991 წლის ერთწრიან საგაზაფხულო ტურნირში ჩვენი ქალაქის სახელით იასპარეზა საფეხბურთო კლუბმა “მარგვეთმა”, რომელმაც უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ 8 სეზონი ჩაატარა. სულ, 1991-1998 წლებში ”მარგვეთმა” ჩაატარა 247 მატჩი, გაიმარჯვა 98-ში, ფრედ დაასრულა 43, დამარცხდა კი 106-ში, ბურთების სხვაობა 397-443, მოპოვებული ქულების რაოდენობა – 337.

“მარგვეთის” დაშლის შემდეგ ასპარეზზე გამოჩნდა საფეხბურთო კლუბი ”მეტალურგი”, რომელმაც 2001-2003 წლებში მოახერხა თამაში უმაღლეს ლიგაში, სადაც გამართა 64 მატჩი, გაიმარჯვა 15-ში, ფრედ დაასრულა 11, დამარცხდა 38-ში, ბურთების სხვაობა 50-123, ქულების რაოდენობა – 56.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც დაარსებულია 2004 წლის 18 ივნისს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამართული აქვს 337 მატჩი, აქედან 186 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 72 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 79-ში კი იმარჯვეს ზესტაფონელთა მეტოქეებმა. ბურთების სხვაობაა 553-295. ამ მატჩებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 630 ქულა.

საინტერესოა, რომ უმაღლეს ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობის 1000-იანი ნიშნულისთვის, თბილისის “დინამოს” (1987), ქუთაისის ”ტორპედოსა” (1209) და უკვე ზესტაფონელთა გარდა, ეროვნულ ჩემპიონატში არცერთი სხვა ქალაქის წარმომადგენლებს დღემდე არ მიუღწევია (“დინამო” (ბათუმი) – 934; “კოლხეთი” (ფოთი) – 923; “დილა” (გორი) – 797; ”მეტალურგი” (რუსთავი) – 785; “ვიტ-ჯორჯია” – 748; ქალაქ ზუგდიდის კლუბები – 700; “სიონი” (ბოლნისი) – 683; ქალაქ სამტრედიის კლუბები – 562; “გურია” (ლანჩხუთი) – 539).

გემახსოვრებათ, რომ წინა სეზონის მსვლელობისას ზესტაფონელებმა ყველა ტურნირის შედეგების გათვალისწინებით დაჯამებულ ცხრილში ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბების, თბილისის “დინამოსა” და ქუთაისის ”ტორპედოს” მსგავსად, პირველობის მატჩებში მოპოვებულ ქულათა 1000-ანი ზღვარიც გადალახეს (სადღეისოდ კი ზესტაფონის საფეხბურთო კლუბების საერთო მონაგარი 1023 ქულას შეადგენს) და ყველა ჩემპიონატის შედეგების შემაჯამებელ ცხრილში ამ მაჩვენებლითაც საპატიო მესამე პოზიციაზე იმყოფებიან.

მესამე პოზიციაზე იმყოფებიან ზესტაფონელები მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობის კომპონენტშიც – შიდა პირველობის ეგიდით მოპოვებული შემდეგი გამარჯვება იმერელთათვის საიუბილეო მე-300 იქნება. თბილისის დინამოელებსა (561) და ქუთათურებს (360) თუ არ ჩავთვლით, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობისას ასეთი შედეგისთვის არცერთი ქალაქის გუნდსა თუ გუნდთა კრებულს არ მიუღწევია…

FCZestafoni.GE

თბილისის “დინამოსთან” მატჩის წინ სათქმელი

ხუთშაბათს, 5 მარტს, საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდება. თბილისის სტადიონ “დინამო-არენაზე” მარგველთა და დინამოელთა რიგით ოცდამეთხუთმეტე საჩემპიონატო დაპირისპირება გაიმართება.

რაც შეეხება დინამოელებთან საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ურთიერთობათა ისტორიას – სადღეისოდ ეროვნულ ჩემპიონატში გუნდებმა ერთმანეთში 34 შეხვედრა გამართეს. ამ მატჩებში 19-ჯერ გაიმარჯვეს თბილისელებმა, 6 დასრულდა ფრედ, 9 კი მოიგეს ზესტაფონელებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც თბილისელი ფეხბურთელები ფლობენ უპირატესობას – 51:33.

ხშირი გახლდათ თბილისურ-ზესტაფონური “დუელები” დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც. უნდა ითქვას, რომ აქ უპირატესობა იმერლების მხარესაა: სადღეისოდ გამართულ 8 სათასო შეხვედრაში 3-ჯერ იმერლებმა იმარჯვეს, 2-ჯერ დედაქალაქელებმა, 3 მატჩიც ფრედ დასრულდა, ბურთების სხვაობა 5:4 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ. ერთხელ (2008 წელს) გუნდები სუპერთასისათვის მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს და ის შეხვედრა თბილისელთა მინიმალური გამარჯვებით (1-0) დასრულდა.

სულ, 2004 წლის შემდეგ, “დინამოსა” და “ზესტაფონს” შორის 43 შეხვედრაა ჩატარებული, აქედან 22-ში დედაქალაქელებმა იმარჯვეს, 12-ში იმერლებმა, 9 მატჩი კი დასრულდა ფრედ, ბურთების სხვაობა 56:38 ”დინამოს” სასარგებლოდ.

საინტერესოა ის, რომ ზესტაფონელთაგან დინამოელთა კარში სხვაზე ხშირად ჯაბა დვალს გაუტანია – ჯაბას “დინამოს” კარში 5 გოლი აქვს გატანილი. 2-2-ჯერ თბილისელთა კარის ბადე ერთბაშად 6 ზესტაფონელ ფეხბურთელს (შოთა ბაბუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ზურაბ იონანიძე, ბექა გოცირიძე, ზაალ ელიავა და ნიკოლოზ გელაშვილი) შეურხევია.

თბილისის “დინამოსთან” ხუთშაბათს გასამართი შეხვედრა, რომელსაც თბილისელი ფიფას არბიტრი ლაშა სილაგავა განსჯის, 17:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის “მეორე არხის” ეთერში გადაიცემა.

ჩვენ კი “ზესტაფონსა” და თბილისის “დინამოს” შორის გამართული რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩის საარქივო კადრებს გთავაზობთ…

FCZestafoni.GE

უმაღლესი ლიგა. “დინამომ” წააგო, “დილა” გალიდერდა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს უმაღლესი ლიგის კიდევ ექვსი შეხვედრა.

მატჩები საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა. Fanebi.Com გთავაზობთ მათ ანგარიშებს.

“სიონი”(ბოლნისი”) 2:1 “დინამო”(თბილისი)

გოლი: ლუის ალბერტო ’45+, დაჩი ცნობილაძე ’49 – მათე ცინცაძე ’35

“დილა”(გორი) 2:1 “ტორპედო”(ქუთაისი)

გოლი: კვეკვესკირი ’14, ჩიკვილაძე ’41(ს.კ) – საბანაძე ’70

“მერანი”(მარტვილი) 0:2 “სპარტაკი”(ცხინვალი)

გოლი: მარკოზაშვილი ’45, შინდაგორიძე ’51

“მეტალურგი”(რუსთავი) 0:1 “ზუგდიდი”(ზუგდიდი)

გოლი: გუგუჩია ’12

“ვიტ-ჯორჯია”(თბილისი) 0:1 “სამტრედია”(სამტრედია)

გოლი: ილია კერძევაძე ’34

“ზესტაფონი”(ზესტაფონი) 2:1 “ჩიხურა”(საჩხერე)

გოლი: სიხარულიძე ’15, ილურიძე ’78 – მუმლაძე ’55

შეხვედრა ზესტაფონელ გულშემატკივრებთან

2015 წლის 28 თებერვალს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზმა ძალიან საინტერესო შეხვედრას უმასპინძლა – “ზესტაფონის” გენერალური დირექტორი მიხეილ ხუციშვილი და მარგველთა დამრიგებელი გიორგი მიქაძე ზესტაფონელ ქომაგებს შეხვდნენ.

გულშემატკივართა მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ”ზესტაფონის” გულშემატკივართა კლუბის ხელმძღვანელები, ფან-კლუბის წევრები და რიგითი გულშემატკივრები.

უნდა ითქვას, რომ შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა – გაიმართა გულახდილი საუბარი გუნდში დღესდღეობით არსებულ ვითარებასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, გულშემატკივრისა და გუნდისათვის საჭირბოროტო საკითხებისა და ამ საკითხების მოგვარების გზების შესახებ.

კლუბის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს გულშემატკივრებს ერთგულებისა და თანადგომისათვის. თავის მხრივ, ქომაგებმა გუნდსა და მის ახალ სამწვრთნელო შტაბს გვერდით დგომა აღუთქვეს და მოახლოვებულ ბატალიებში წარმატება უსურვეს…

უნდა ითქვას, რომ საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მსგავსი ხასიათის შეხვედრების, რომელთა მიზანიც ფეხბურთისა და სპორტის პოპულარიზაცია, გუნდისა და გულშემატკივრის კიდევ უფრო დაახლოებაა, სისტემატიურად გამართვას შემდგომშიც გეგმავს …

აქვე გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელზეც გულშემტკივრებთან დღევანდელი შეხვედრის ფრაგმენტებია ასახული.

DSC05348

DSC05364

DSC05384

FCZestafoni.GE

მარგველთა მორიგი დერბის მოლოდინში

”ზესტაფონი” ქვეყნის მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისთვის ემზადება. 2015 წლის 1 მარტს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის წელს გასამართ პირველ საშინაო, რიგით კი მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში ზესტაფონელები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საჩხერის საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” უმასპინძლებენ.

მარგვეთის მხარის წარმომადგენელი ამ ორი კლუბის დაპირისპირებათა ისტორია 2006 წლის 9 სექტემბერს იღებს სათავეს და სადღეისოდ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართულ 11 დაპირისპირებას ითვლის. ამ შეხვედრებში მცირე უპირატესობა საჩხერელთა მხარესაა – 5 მოგება, 3 ფრე და 3 წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა – 15:11.

დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაში გუნდების გზები გადაკვეთილა. 2008-2009 წლების თასის გათამაშების პირველი მერვედფინალურ მატჩი 2008 წლის 30 აგვისტოს გაიმართა, ზესტაფონელებმა საჩხერელი სტუმრები დიდი ანგარიშით 5-0 დაამარცხეს. გატანილი გოლები ბექა გოცირიძის, ერიკ რომეო ჩასემის, ნიკა კვასხვაძის და ორჯერ ნიკოლოზ გელაშვილის (3-0 და 5-0) ანგარიშზეა. ამ მერვედფინალური წყვილის საპასუხო შეხვედრა 2008 წლის 17 სექტემბერს საჩხერეში გაიმართა და მირიან მიქაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით გამარჯვება “ჩიხურას” ფეხბურთელებმა მოიპოვეს – 1-0.

მეორეჯერ კი ზემოიმერული გუნდების გზები გასულ შემოდგომაზე, თასის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალურ სტადიაზე გადაიკვეთა. 2014 წლის 17 ნოემბერს სოფელ ივანწმინდაში გამართული შეხვედრა უგოლოდ 0-0 დასრულდა, 26 ნოემბერს ზესტაფონში ჩატარებული მატჩი კი სტუმრებმა მოიგეს 0-1 – მასპინძელთა კარში ერთადერთი გოლი ექს-ზესტაფონელმა თეიმურაზ ღონღაძემ გაიტანა და თავის ახალ გუნდს გზა გათამაშების მეოთხედფინალისკენ გაუხსნა.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის 1 მარტს გასამართი შეხვედრა, რომელსაც ხონელი ეროვნული კატეგორიის არბიტრი დავით სანოძე განსჯის, 15:00 საათზე დაიწყება. მატჩის ონლაინ-რეპორტაჟი კი ჩვენს საიტზე გადაიცემა.

FCZestafoni.GE

მოსიაშვილი: „ვფიქრობ, ლამაზი გოლი გავიტანე“

საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე „გურიამ“ სახლში „ზესტაფონის“ დამარცხებით დაიწყო. გურიელთა მხრიდან ერთადერთი გოლი შეხვედრის 50-ე წუთზე თორნიკე მოსიაშვილმა გაიტანა, რომელიც  „გურიაში“ სადებიუტო მატჩს ატარებდა. ჩვენი საიტი შეხვედრის მთავარ გმირს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

– თორნიკე, „გურიას“ შემადგენლობაში ოფიციალურ მატჩში ბრწყინვალე დებიუტი გამოგივიდა – „ზესტაფონს“ გოლი გაუტანე, რითაც შენმა გუნდმა ჩემპიონატის მეორე წრე სამი ქულით დაიწყო. გაგვიზიარე პირველი შთაბეჭდილებები

„ძალიან გახარებული ვარ. გუნდმა დავალება შეასრულა. იმედია, ასე გავაგრძელებთ და ყველა მატჩში მაქსიმუმს გავაკეთებთ“

– პირველმა წარმატება ვინ მოგილოცა?

„მოედანზე არ მახსოვს. ისე, ჩემმა ძმამ, იგი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია“

– „გურიაში“ როგორ მოხვდი?

„გასულ სეზონში „ჭიათრაში“ ვთამაშობდი. ერთ-ერთ მატჩს „გურიის“ ფინანსური დირექტორი დაესწრო. თამაშის შემდეგ შევხვდი და გადაწყდა, რომ ამ კლუბში ვითამაშებ“

– აქამდე პირველ ლიგაში თამაშობდი. უმაღლესში ჩატარებულ ამ ერთ მატჩში ამის გამო რაიმე დისკომფორტი ხომ არ გიგრძვნია?

„არა, რადგან რამდენიმე წლით ადრე „გაგრაში“ უმაღლეს ლიგაში ვთამაშობდი. ასევე ფოთის „კოლხეთშიც“ ვიყავი“

– ანუ გუნდში ადაპტაციის პრობლემა ნაკლებად გაქვს?

„ღვთის წყალობით, არ გამჭირვებია. ნახევარზე მეტ თანაგუნდელს ვიცნობ. გუნდის ძალიან შეკრულია. საერთოდ, ლანჩხუთში კარგი და ტკბილი ხალხი ცხოვრობს“

– სატურნირო ცხრილში გუნდის შანსებს როგორ შეაფასებდი?

„ყველა გუნდი ქულებით ერთმანეთთან ახლოსაა. ათეულში მოხვედრა, ალბათ, ნორმალური შედეგი იქნება“

– ზოგადად 16-გუნდიანი ჩემპიონატის შესახებ რას ფიქრობ?

„მივესალმები… რაც მეტ ფეხბურთელს უმაღლესში თამაშის შესაძლებლობა მიეცემა, მით უფრო მეტი კარგი მოთამაშე გამოჩნდება. თუმცა, პირველ ლიგას უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. იქ ბევრი ფეხბურთელია, რომელიც უმაღლესში თამაშს იმსახურებს“

– რახან პირველი ლიგა ახსენე, შენი ყოფილი კლუბის „ჭიათურას“ შესახებაც გკითხავთ. გუნდი ამჟამად მეორე ადგილზეა, თუმცა პირველ ადგილზე მყოფ „საბურთალოს“ 15 ქულით ჩამორჩება. როგორ ფიქრობ, შეძლებენ თუ არა ჭიათურელები უმაღლესში ასვლას?

„იმედია, შეძლებენ და მათ მთელი გულით ვქომაგობ. იქ კარგი ბიჭები თამაშობენ, მაგრამ როგორც ბევრ ქართულ კლუბს, ფინანსური პრობლემები „ჭიათურასაც“ აქვს. პლეიოფით გასვლა შესაძლებელია“

– ამ ფორმაციით „ჭიათურა“ უმაღლეს ლიგაში გადარჩენისთვის ბრძოლას რამდენად შეძლებდა?

„რამდენიმე ფეხბურთელს თუ დაიმატებდა, არ გაუჭირდებოდა“

– ბოლოს კიდევ ერთხელ შენს გოლს დავუბრუნდეთ. თუ შეგიძლია, გაიხსენე, როგორ გაიტანე ის და დაწვრილებით აგვიღწერე ის ეპიზოდი

„შალამბერიძემ კუთხური ჩააწოდა, რის შემდეგაც ერთი შეხებით დავარტყი და გავიტანე. ვფიქრობ, ლამაზი გოლი გამოვიდა“

“გურიას” ფეხბურთელმა “ზესტაფონს” სუპერ გოლი გაუტანა (ვიდეო)

21 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, ლანჩხუთის “გურიამ” საკუთარ მოედანზე “ზესტაფონი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი ლანჩხუთელთა 24 წლის ფეხბურთელმა თორნიკე მოსიაშვილმა გაიტანა, რომელმაც ზესტაფონელთა კარი ბრწყინვალე დარტყმით დალაშქრა.

იხილეთ გოლი 1:30-დან:

ლანჩხუთელებთან მორიგი მატჩის წინ

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ქვეყნის მიმდინარე პირველობის მეორე წრის სასტარტო მატჩისთვის ემზადება. შაბათს, 21 თებერვალს, საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრაში, მარგველები ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ “გურიას” ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ესტუმრებიან.

ეროვნულ ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” და ლანჩხუთის “გურია” ერთმანეთს სულ ხუთჯერ შეხვედრიან – ხუთივეჯერ გამარჯვება იმერლებს დარჩათ, თანაც ისე, რომ საკუთარ კარში ბურთი არც ერთხელ არ მიუღიათ, თავად კი გურულთა კარის ბადე 14-ჯერ შეარხიეს…

ზემოთ ნახსენები ხუთიდან პირველი დაპირისპირება 2013 წლის 29 სექტემბერს “დავით აბაშიძეზე” გაიმართა. ერთადერთი და მასპინძელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი შეხვედრის 87-ე წუთზე გავიდა – ზემოიმერელთა უსწრაფესი შეტევა ირაკლი ქობალიას ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა.

გურულთა და მარგველთა მორიგი “რანდევუ” 2013 წლის 18 დეკემბერს შედგა. ეს მატჩი ქობულეთში გაიმართა და გიორგი ადამიას მიერ ზუსტად შესრულებული პენალტის წყალობით ზესტაფონელებმა ისევ 1-0 გაიმარჯვეს.

ლანჩხუთელთა და ზესტაფონელთა რიგით მესამე მატჩი გასული წლის 5 აპრილს ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ზესტაფონელთა უდიდესი სათამაშო უპირატესობით წარიმართა, გამარჯვების გოლის გატანა მასპინძლებმა მხოლოდ მატჩის არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს – სტუმართა კარის ბადეში ბურთი ლევან შარიქაძემ გადაგზავნა.

მორიგი, რიგით მეოთხე შეხვედრა 2014 წლის 7 მაისს ლანჩხუთში გაიმართა და სტუმართა შთამბეჭდავი გამარჯვებით დასრულდა – 5-0. გამარჯვებულთა რიგებში გატანილი გოლებით თავი რევაზ გეწაძემ (3-ჯერ), ნიკა საბანაძემ და თორნიკე კაპანაძემ გამოიჩინეს.

ლანჩხუთელთა და ზემოიმერელთა შორის გამართული სადღეისოდ ბოლო შეხვედრა გასული წლის 9 აგვისტოს ზესტაფონში გაიმართა და მასპინძელთა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გამარჯვებით 6-0 დასრულდა. ჯაბა დვალმა გურულებს 2-ჯერ გაუტანა, თითო-თითო გოლი კი თეიმურაზ ღონღაძის, გიორგი ფანცულაიას, თედორე გრიგალაშვილის და ლაშა გვალიას ანგარიშზეა.

FCZestafoni.GE

“ზესტაფონი” ჩემპიონატის განახლებისათვის მზადების რეჟიმში

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო სტადიის კარსმომდგარი მატჩებისათვის მზადებას განაგრძობს. საწვრთნელი პროცესი კვლავაც თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კომპლექსის მოედანზე მიმდინარეობს.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის პირველ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” 21 თებერვალს გამართავს. ამ დღეს ქვეყნის ორგზის ჩემპიონი ზემოიმერლები ლანჩხუთს ესტუმრებიან და ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ “გურიას” დაუპირისპირდებიან…

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც თბილისის ბაზაზე გამართული ზესტაფონელთა მორიგი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

DSC04931

DSC04877

DSC04855

DSC04926

DSC04913

DSC04905

DSC04893

FCZestafoni.GE

ზესტაფონმა რუსთავში მოიგო

მიმდინარე წლის 11 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გამართა – რუსთავის სტადიონ “ფოლადზე” გამართულ საკონტროლო შეხვედრაში მარგველები ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”მეტალურგს” დაუპირისპირდნენ.

ზესტაფონელთა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: კუპატაძე, ჩიხრაძე (ლომაია, 46), რობაქიძე (მარაქველიძე, 46 (კანდელაკი, 83)),ო. ხიზანეიშვილი (ქურდაძე, 55), ბენაშვილი (მთივლიშვილი, 46 (მოსიძე, 86)), მჭედლიშვილი (შენგელია, 46), გაგოშიძე (პ. ხორგუაშვილი, 62), გაჩეჩილაძე (რაჟამაშვილი, 46), ხაბელაშვილი (ნემსაძე, 46), სამუშია (მესხი, 46), ილურიძე (ჯერემია, 55).

თავის მხრივ, რუსთაველებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: ბედიაშვილი, გელაშვილი (გოცაძე, 46), ნარიმანიძე, მიქაუტაძე (გულუა, 76), ნოზაძე (ბერაძე, 79), კ. ხიზანეიშვილი (მიქელაძე, 66), გ. კილასონია (ადეიშვილი, 73), სარიშვილი (პაქსაშვილი, 79), გუჯაბიძე (სტეფნიაშვილი, 46), ჯოხაძე (მაისურაძე, 76), გაბაშვილი (ოქროპირიძე, 46).

შეხვედრის პირველი ნახევარი იმერლებმა, ტაიმის მიწურულს გატანილი გოლის წყალობით, მინიმალური სხვაობით მოიგეს – 38-ე წუთზე სტუმართა რამდენიმეფაზიანი შეტევა ახლოდან ზუსტი დარტყმით ექს-რუსთაველმა ივანე ხაბელაშვილმა დააგვირგვინა…

მეორე ტაიმი უფრო აქტიურად რუსთაველებმა კი დაიწყეს, თუმცა სტუმრები მალევე დამშვიდდნენ და თამაშის სადავეები საბოლოოდ იგდეს ხელთ. 81-ე წუთზე ჯონი ჯერემიას ზუსტი თავურის შემდეგ მარგველთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. “ზესტაფონის” გამარჯვება ანგარიშით 2-0.

მორიგი საკონტროლო შეხვედრის გამართვას ზესტაფონელები 14 თებერვალს გეგმავენ. შაბათს გასამართ შეხვედრაში ჩვენი მეტოქის ვინაობა უახლოეს დღეებში დაზუსტდება.

fczestafoni.ge

იმერლები მზადებას განაგრძობენ

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო სტადიის მატჩებისათვის მზადებას განაგრძობს.

დღევანდელი ვარჯიში მცირე მოთელვით დაიწყო, რომლის შემდეგაც ყურადღება დაცვის ფაზაში მოქმედებათა კოორდინაციაზე გათვლილ ტაქტიკური ხასიათის წვრთნაზე გამახვილდა. ვარჯიშის მიწურულს კი ფეხბურთელებს ბურთთან მუშაობის საშუალებაც მიეცათ.

ხვალ, 7 თებერვალს, საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” მიმდინარე წელიწადში რიგით მეორე საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. ქვეყნის ორგზის ჩემპიონ ზემოიმერლებს ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბი “სტუ-ნორჩი დინამო” დაუპირისპირდება. თბილისელებთან მატჩი თბილისის ზღვასთან მდებარე იმერელთა ბაზაზე გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება.

ჩვენ კი გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

DSC04830

DSC04831

DSC04851

DSC04863

DSC04903

DSC04909

DSC04937

DSC04939

DSC04946

FCZestafoni.Ge