მამა – იოჰან კრუიფი შვილი – ჟორდი კრუიფი
ფეხბურთის გენიოს შვილთა შორის ჟორდი ალბათ, ყველაზე ცნობილი და ყველაზე წარმატებული მოთამაშეა. სხვათა შორის, იოჰან კრუიფმა შვილს ჟორდი კატალონიის მფარველის პატივსაცემად დაარქვა.
“ბარსელონას” აღზრდილს, რომელსაც პირველ გუნდში გადანაცვლებას უწინასწარმეტყველებდნენ, მამასთან შედარება არასდროს მოსწონდა:
“მე არ ვარ მეორე იოჰანი, მე პირველი ჟორდი ვარ. იმავე დონეზე თამაში მმართებს, როგორი მაჩვენებელიც მამას ჰქონდა. მისი სახელი ჩემთვის დიდი პრობლემაა”.
თავის მხრივ, იოჰან კრუიფს, რომელიც “ბარსას” მწვრთნელად მუშაობდა, პროტექციონიზმში დასდეს ბრალი. თუ უფრო დავაკონკრეტებთ, კლუბის მაშინდელმა პრეზიდენტმა ხოსე-ლუის ნუნიესმა აღნიშნა, რომ კრუიფი-უფროსი ცდილობს, ძირითად შემადგენლობაში მოახვედროს შვილი, რომლის თამაშიც არ შეეფერება “ბარსელონას” დონეს. ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი ნუნიესის მხრიდან აღნიშნული ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილსაც აპირებდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა.
საბოლოო ჯამში, კრუიფები “ბარსელონას” თბილად დაშორდნენ: 1995/96 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მამა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს, შვილმა კი, რომელმაც კატალონიური გრანდის რიგებში 4 წელიწადში 54 მატჩი ჩაატარა, ინგლისს მიაშურა. 22-წლის შემტევი ნახევარმცველი 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრების განაცხადში შეიყვანეს. შემდეგ იყო “მანჩესტერ იუნაიტედი”, სადაც კრუიფი ჯამაგირის სახით სეზონში 1,4 მილიონ ფუნტს იღებდა. მიუხედავად მაღალი ხელფასისა, “ოლდ ტრაფორდზე” ჟორდის საქმეები კარგად არ წაუვიდა – 4 წელიწადში მხოლოდ 46 მატჩი ჩაატარა, ფეხბურთელი ტრავმებმა გააწამა.
ალბათ, კრუიფი-უმცროსმა კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდი ესპანურ “ალავესში” გაატარა. გუნდთან ერთად 2001 წელს უეფას თასის ფინალამდე გააღწია, თუმცა დამატებით ტაიმში “ლივერპულთან” ანგარიშით 4:5 დამარცხდა. ამის შემდეგ იყო “ესპანიოლი”, დონეცკის “მეტალურგი” და კატალონიის ნაკრები.
36-წლის ჟორდიმ ფეხბურთელის კარიერა 2010 წელს მალტურ “ლა-ვალენტეში” დაასრულა, სადაც მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციას ითავსებდა. ახლა ის თელ-ავივის “მაქაბის” სპორტული დირექტორია. გარდა ამისა, ჟორდიმ ხელი ბიზნესაც მიჰყო, უშვებს ტანსაცმლის მოდელს, რომელსაც ამშვენებს წარწერა – “კრუიფი”.
ბექა დოგრაშვილი