იბრაჰიმოვიჩი: “რონალდუ და მესი ჩემზე უკეთესები არ არიან, მე ვარ საუკეთესო”

“მილანის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩვეულ სტილში მორიგი განცხადება გააკეთა.

“ჩემს ჯილდოებს “ოქროს ბურთი” აკლია? არა, “ოქროს ბურთს” ვაკლივარ მე”, – თქვა შვედმა ფეხბურთელმა “ფრანს ფუტბოლისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

იბრაჰიმოვიჩს საკუთარი თავის შედარება კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესისთანაც სთხოვეს.

“თუ პიროვნულ თვისებებზე ვსაუბრობთ, რონალდუ და მესი ჩემზე უკეთესები არ არიან. თუ ტიტულებს გადახედავთ, კი ბატონო, ჩემპიონთა ლიგა არ მაქვს მოგებული. არ ვიცი, რომელი კრიტერიუმებით წყვეტენ “ოქროს ბურთის” გამარჯვებულის ვინაობას. როდესაც გუნდურად აკეთებ რაიმეს კარგს, ეს ინდივიდუალურად კარგ თამაშსაც ნიშნავს. ცალკეული ფეხბურთელი ვერ იქნება კარგი, თუ მთლიანად გუნდი არ არის კარგი. მე მართლა ვფიქრობ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვარ. მოთამაშეების ერთმანეთთან შედარება მიზანშეწონილი არ არის.

ყველა ფეხბურთელი თავის თაობაში თამაშობს, ყველას სხვადასხვა თანაგუნდელი ჰყავს. რთულია შედარება, ყველას თავისი ისტორია აქვს”, – აღნიშნა იბრაჰიმოვიჩმა.

უეფამ იბრაჰიმოვიჩი დააჯარიმა

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ “მილანის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი 50 ათასი ევროს ოდენობით დააჯარიმა.

შვედ მოთამაშეს ბუქმეიქერულ კანტორასთან კავშირი დაუდასტურდა. უეფას რეგლამენტის თანახმად, ფეხბურთელებს არ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ეგიდით გამართულ მატჩებში, თუ მათ გარკვეული ინტერესი აკავშირებთ ბუქმეიქერულ კანტორასთან.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა აღნიშნული წესი “მილანის” შემადგენლობაში ევროპის ლიგაზე, ხოლო შვედეთის ნაკრების რიგებში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში (მათ შორის საქართველოს ნაკრებთან) დაარღვია.

იბრაჰიმოვიჩი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა გამოაცხადა, რომ გუნდის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.

დღეს “მილანმა” გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 39 წლის ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელებას ექვსი კვირა მოუნდება.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში ტურინის “იუვენტუსთან” გამართული მატჩის (3:0) მიმდინარეობისას დაშავდა და შესაცვლელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდში გაიმართება. შვედეთის ეროვნული გუნდი ჯგუფში ესპანეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. შვედები პირველ შეხვედრას 14 ივნისს, ესპანელების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

იბრაჰიმოვიჩს წითელ წიგნში შეტანილი ლომის მოკვლისთვის პასუხისგებას სთხოვენ

“მილანის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ბუნებისდამცველთა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. როგორც ირკვევა, შვედმა ფეხბურთელმა 2011 წელს, სამხრეთ აფრიკაში ლომი მოკლა, ცხოველის ტყავი და თავი კი სამშობლოში წაიღო.

გამოცემა Expressen-ის ცნობით, აღნიშნულმა ლომმა ერთი წელი ვოლიერში გაატარა, სანამ მას სანადიროდ გამოიყენებდნენ. ლომი წითელ წიგნში შეტანილია, როგორც “დაუცველი სახეობა”, თუმცა შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ სამხრეთ აფრიკაში მასზე ნადირობა დაშვებულია.

მედიამ გამოიძია, რომ სამხრეთ აფრიკაში შვედეთიდან 82 მონადირე იყო ჩასული, მათ შორის გახლდათ ზლატან იბრაჰიმოვიჩიც. თავად 39 წლის ფეხბურთელმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა. შვედეთში ის გააკრიტიკეს და დაუცველი ცხოველის მოკვლისთვის პასუხისგებაც მოსთხოვეს.

როგორც მოგეხსენებათ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი საკუთარ თავს ლომს ადარებს. მას ზურგზე აღნიშნული ცხოველის გამოსახულებით დიდი ტატუც აქვს გაკეთებული.

“მილანი” იბრაჰიმოვიჩთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, “მილანი” და გუნდის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

მხარეებს შორის კონტრაქტი მომდევნო ათი დღის განმავლობაში უნდა გაფორმდეს და ის ძალაში 2022 წლის ზაფხულამდე იქნება. გარდა ამისა, გაიზრდება 39 წლის შვედი ფეხბურთელის სახელფასო განაკვეთიც და ის შვიდი მილიონი ევრო გახდება.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 16 მატჩში 15 გოლი გაიტანა. გუნდს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი უკავია და გათამაშების ლიდერ მილანის “ინტერს” 8 ქულით ჩამორჩება.

ზლატანი: “ნაკრებში ჩემი გამოძახება ჩემი სახელისა და გვარის დამსახურება არ არის”

“მილანის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში 2016 წლის შემდეგ პირველად გამოიძახეს და 25 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სანაკრებო რედებიუტი ექნება. 39 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ შვედეთის ნაკრების განაცხადში არა მისი სახელისა და გვარის გამო შეიყვანეს, არამედ იმიტომ, რომ ეს დაიმსახურა.

“არ მინდა, ნაკრებში ჩემი გამოძახება ჩემს წარსულს მიაწერონ. განაცხადში შემიყვანეს იმის გამო, თუ რისი გაკეთება შემიძლია ახლა. აღარ ვარ ის ფებხურთელი, რომელიც ხუთი, ათი, თხუთმეტი თუ ოცი წლის წინ ვიყავი. ახლა სრულიად განსხვავებული ფიზიკური მონაცემები მაქვს და სრულიად სხვანაირად ვთამაშობ.

ამის მიუხედავად უმაღლეს დონეზე ვრჩები და სადარდებელი არაფერია. ნაკრებში იმის გამო არ გამომიძახეს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვარ. ჩემი აქ ყოფნა ჩემი მიღწევებისა და იმის დამსახურებაა, თუ რისი დამატება შემიძლია გუნდისთვის. ვფიქრობ, რომ ნაკრებში გამოძახება დავისმახურე”, – თქვა იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში.

იბრაჰიმოვიჩი “მანჩესტერ იუნაიტედთან” გასამართ ორივე მატჩს გამოტოვებს

“მილანის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ იუნაიტედთან” გასამართ ორივე მატჩს გამოტოვებს.

Goal-ის ცნობით, 39 წლის შვედმა ფეხბურთელმა ბარძაყის ადუქციური კუნთი დაიშავა, რის გამოც იტალიის სერია A-ში “უდინეზეს”, “ვერონასა” და “ნაპოლის”, ევროპის ლიგაზე კი “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებში ვერ ითამაშებს. “მილანს” ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

შეგახსენებთ, რომ “როსონერი” ინგლისურ გუნდთან მატჩებს 11 და 18 მარტს გამართავს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 21 შეხვედრა ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ზლატანი EA Sports-ს დაუპირისპირდა

“მილანის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მისი სახელისა და გამოსახულების უნებართვოდ გამოყენების გამო ვიდეოთამაშ FIFA-ს მწარმოებელ კომპანია EA Sports-ს დაუპირისპირდა:

“ვინ მისცა EA Sports-ს ჩემი სახელისა და გამოსახულების გამოყენების ნებართვა? FIFPro-მ? არ ვიცოდი, რომ FIFPro-ს წევრი ვიყავი და თუ ვარ, გაურკვეველი მანევრების წყალობით გავწევრიანდი.

ფიფასა და FIFPro-სთვის არასდროს მიმიცია ჩემი გამოყენებით ფულის გაკეთების ნებართვა.

მთელი ამ წლების განმავლობაში ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ჩემი სახელისა და გამოსახულების გამოყენებით ვიღაც სარგებელს იღებს. ამის გამოძიების დრო დადგა”.

რატომ არის მარკო მატერაცი “მკვლელი”?

დღეს ავკაც და ხულიგან ფეხბურთელთა ოჯახის სამაგალითო წევრი, მილანის „ინტერის“ ყოფილი მცველი მარკო მატერაცი 47-ე დაბადების დღეს ზეიმობს. Fanebi.com-ი იხსენებს იტალიელი ფეხბურთელის კარიერის იმ ეპიზოდებს, რისთვისაც მას მეტსახელად „მკვლელი“ დაარქვეს.

როგორც ნამდვილი „ინტერისტა“, მატერაცი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მილანურ დერბის. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ის მატჩის მიმდინარეობისას „მილანის“ თავდამსხმელებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს და თუ შესაფერის დროს იხელთებდა, მათ სხეულის რომელიმე ნაწილში კარგად უთავაზებდა კიდეც. 2000-იანი წლების დასაწყისში „როსონერის“ თავდასხმის მთავარ ძრავად ანდრეი შევჩენკო ითვლებოდა. უკრაინელი ფეხბურთელის სხეულის ნაწილზე, ალბათ, არ არსებობს ადგილი, რომელზეც მატერაცის თავისი ალი-კვალი არ დაემჩნია. ქვემოთ მოცემულ ვიდეორგოლში ასახულია მატერაცის ყველაზე უხეში თამაშების ამსახველი მომენტები. მისი ყველაზე ხშირი მსხვერპლი კი სწორედ შევჩენკო გახლდათ.

თავად ანდრეიმ მატერაცის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ იუხეშა. 2005 წელს გამართულ მილანურ დერბიში შევჩენკომ თავით მსუბუქად „ურქინა“ იტალიელ მცველს, მატერაცი მაშინვე ძირს დაეცა და დიდი ხანის განმავლობაში არც წამომდგარა. მსაჯი სწორად გაერკვა აღნიშნულ სიტუაციაში და უკრაინელი თავდამსხმელი მოედნიდან არ გააძევა.

მატერაციმ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული „გმირობა“ მოედანს მიღმა ჩაიდინა. 2004 წელს „ინტერსა“ და „სიენას“ შორის გამართულ მატჩში იტალიელი მცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ მას მთელი შეხვედრის განმავლობაში „ბიანკონერის“ მცველ ბრუნო ჩირილოსთან ეჩხუბა. ფინალურ სასტვენამდე მატერაციმ მას სახეში ხელიც გაარტყა, თუმცა ტელეკამერების ობიექტივში ეს ეპიზოდი ვერ მოხვდა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჩირილოს ჩვენების საფუძველზე „ინტერის“ მცველს გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მისცა. აღნიშნული მატჩის შემდეგ ჩირილომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ნათლად ჩანს მატერაცის „გმირული“ საქციელის შედეგი.

ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მარკო მატერაცის მეგობრობა შვედი თავდამსხმელის „ინტერში“ გადასვლის დროიდან დაიწყო, თუმცა „იუვენტუსში“ იბრას ასპარეზობის პირველივე სეზონში იტალიელმა მცველმა ის უხეშად „მოცელა“.

ზლატანმა მატერაცის რამდენიმე წლის შემდეგ უპასუხა. 2010 წლის ნოემბერში გამართულ „მადონინაში“ იბრაჰიმოვიჩმა იტალიელი მცველის წინააღმდეგ კარატეს ილეთი გამოიყენა. მატერაცი მოედნიდან სასწრაფო წესით გაიყვანეს, ზლატანმა კი მატჩის შემდეგ ბოდიში მოიხადა.

ნამდვილი „შედევრი“ გამოუვიდა მარკო მატერაცის ჩემპიონთა ლიგის 2005-06 წლების სეზონის მეოთხედფინალურ ეტაპზე, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში. კუთხურის შესრულებისას იტალიელმა მცველმა იდაყვით ისე ჩაარტყა ხუან პაბლო სორინს სახეში, რომ საბრალო არგენტინელ ფეხბურთელს ძლიერი სისხლდება ძლივს შეუჩერეს, თუმცა „ვილიარეალის“ მოთამაშემ თამაში ვეღარ გააგრძელა. მატერაციმ იმდენად ოსტატურად იუხეშა, რომ თამაშის წესის დარღვევა ვერცერთმა მსაჯმა ვერ შენიშნა. ხულიგანს ყვითელი ბარათიც არ მისცეს.

მარკო მატერაცის მთავარი მიღწევა, რა თქმა უნდა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ზინედინ ზიდანთან შეტაკება გახლავთ. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ფრანგ ფეხბურთელს იცნობდნენ იტალიაში „ფრთიან ანგელოზად“. „იუვენტუსის“ რიგებში ასპარეზობისას, ზიდანს ხშირად სდებდნენ ბრალს პროვოკაციულ ქმედებებში. ასეა თუ ისეა, ზიზუს გენიას მატერაციმ თავისი ავკაცობა დაუპირისპირა და ამით მიზანსაც მიაღწია. მთელი მატჩის განმავლობაში იტალიელი მცველი ფრანგ ნახევარმცველს ბინძური ფრაზებით „ამკობდა“. შეხვედრის დამატებით დროში ზიდანს მოთმინების ფიალა აევსო. როდესაც მატერაცი ზიზუს დასაც შეეხო, ფრანგმა ვეღარ მოითმინა და მას მკერდში თავი აძგერა. ამის გამო ზიდანი მოედნიდან გააძევეს. ასე დაასრულა ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მოთამაშის კარიერა. საბოლოოდ, 2006 წლის მუნდიალის თასი იტალიის ნაკრებს ერგო, „სკუადრა აძურამ“ ფრანგები პენალტების სერიაში დაამარცხა, მარკო მატერაცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ინფორმაცია ზლატანის ლა ლიგაში გადასვლასთან დაკავშირებით ტყუილი აღმოჩნდა

29 ოქტომბერს “ლოს ანჯელეს გალაქსის” თავდამსხმელმა” ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო, რომ ესპანეთში ბრუნდება, თუმცა შვედ ფეხბურთელს არ დაუკონკრეტებია, თუ რა მიზნით აპირებდა იბერიის ნახევარკუნძულზე ჩასვლას. უმალ გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ იბრაჰიმოვიჩი ერთ-ერთი ესპანური კლუბის მაისურს მოირგებდა, თუმცა ეს ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა. როგორც დღეს გაირკვა, შვედი ფეხბურთელი ერთ-ერთი ესპანური საბუქმეიქერო კანტორის სახე გახდა და მისი ესპანეთში ვიზიტიც სწორედ ამ მოვლენას უკავშირდებოდა.

“ლოს ანჯელეს გალაქსის” კაპიტნად იბრაჰიმოვიჩი დანიშნეს

“ლოს ანჯელეს გალაქსის” ახალ სეზონში ზლატან იბრაჰიმოვიჩი უკაპიტნებს. როგორც მოგეხსენებათ, შვედი თავდამსხმელი ამერიკულ კლუბს გასულ წელს შეუერთდა.

“ქალაქი ლოს ანჯელესი არ არის მიზეზი, რის გამოც მე აქ ვთამაშობ. შვებულებას არ ვიწყობ, აქ სამუშაოდ ვარ”, – აღნიშნა იბრაჰიმოვიჩმა.

 

View this post on Instagram

 

IBRAHIMOVI©️

A post shared by LA Galaxy (@lagalaxy) on

ზლატანი: “დავბრუნდები უფრო ძლიერი”

ევროპის ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ანდერლეხტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები დაიშავა მიიღო და მოედანს შესაძლოა, მომავალი წლის იანვრამდე ვერ დაუბრუნდეს. პრესაში იმასაც კი წერდნენ, რომ ამ ტრავმის გამო შესაძლოა, შვედმა ფეხბურთელმა კარიერა დაასრულოს, მაგრამ ზლატანმა განაცხადა, რომ დანებებას არ აპირებს და მოედანს უფრო ძლიერი დაუბრუნდება.

“პირველ რიგში, მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. ახალი ამბავი არ არის, რომ ტრავმა მივიღე, რის გამოც გარკვეული ხნით ფეხბურთს ჩამოვშორდები. ამ პერიოდს უკან მოვიტოვებ და უფრო ძლიერი დავბრუნდები. მხოლოდ მე გადავწყვეტ, როდის მოვა გაჩერების დრო და არავინ სხვა. დანებება არ არის ვარიანტი. მალე შევხვდებით”, – დაწერა სოციალურ ქსელში იბრაჰიმოვიჩმა.