ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდი და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი (ვიდეო)
ხორვატიის ქალაქ სპლიტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე +105 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ტალახაძემ ორივე დისციპლინის ჯამში 467 კგ ასწია (217 კგ ატაცში, 250 კგ აკვრაში).
გარდა ამისა, ქართველმა ძალოსანმა ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. კერძოდ, ტალახაძემ ატაცში მესამე მისვლაზე 217 კგ ასწია, რაც ერთი კილოგრამით მეტია რიოს ოლიმპიადაზე ირანელი დეჰდად სალიმის მიერ დამყარებულ რეკორდზე.
მეორე და მესამე ადგილები სომეხმა ძალოსნებმა გორ მინასიანმა (211+235) და რუბენ ალექსანიანმა (190+244) დაიკავეს.
ირაკლი თურმანიძემ ატაცში 201 კგ-ით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო აკვრაში გამოსვლა ტრავმის გამო შეწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო სამ წელიწადში საქართველო ოქროს მედალს არ თმობს. 2015 წელს თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე + 105 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ირაკლი თურმანიძე გახდა, შარშან ოქროს მედალი ლაშა ტალახაძემ მოიგო.