ტალანტი – დომენიკო ბერარდი
20 წლის დომენიკო ბერარდი საკუთარ თაობაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ არის მიჩნეული. იტალიის 21 წლამდელთა ნაკრების შემტევმა, რომელიც “იუვენტუსის” და “სასუოლოს” საერთო საკუთარებაშია, ყურარება უკანასკნელი ორი სეზონით მიიპყრო. მისი დებიუტი ძირითად გუნში 2012/13 წლების სეზონში იმ დროს ჯერ კიდევ სერია B-ს ბინადარ “სასუოლოში” შედგა და სადებიუტო გოლიც საკმაოდ სწრაფად გავიდა.
ბერარდის მთავარი პლიუსი მისი ძლიერი მარცხენა ფეხი და უნივერსალიზმია. ახალგაზრდა ფეხბურთელს შეტევის ფაქტობრივად ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში. მის საგოლე ალღოს კი ბევრი ცნობილი ფორვარდი ინატრებდა. 87 თამაშში ერთ-ერთი აუტსაიდერის შემადგენლობაში გატანილი 34 გოლი “იუვენტუსში” დასაბრუნებლად კარგი წინაპირობა უნდა იყოს.
აღსანიშნავია, რომ 21-დან 4 გოლი ბერარდიმ “მილანს” 2014 წლის იანვარში გამართულ შეხვედრაში გაუტანა, როდესაც “სასუოლომ” “როსონერის” 4:3 სძლია. მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოების ყურადღებაც ახალგაზრდა მოთამაშემ სწორედ ამ მატჩის შემდეგ მოიგო. ამ სუპერ მატჩამდე კი ბერარდიმ “სამპდორიას” კარში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
სეზონის ბოლოს ბერარდის ანგარიშზე 16 გოლი იყო, რაც “სასუოლოსთვის” სერია A-ში ადგილის შესანარჩუნებლად სავსებით საკმარისი აღმოჩნდა. ასეთი შედეგი იმ ქალაქის გუნდისთვის, რომლის მოსახლეობა სულ 41,000-ია, ძალიან კარგი შედეგია.
2014 წლის მუნდიალამდე ბერარდის ნაკრებში მიწვევაზე საკმაოდ ცხარე პოლემიკა იყო გამართული. ბევრის აზრით, ახალგაზრდა მოთამაშე შანსს იმსახურებდა, თუმცა საბოლოოდ ის განაცხადში ვერ მოხვდა. ისიც ფაქტია, რომ მსოფლიოს უდიდეს საფეხბურთ ფორუმზე იტალიელებმა საკმაოდ ცუდად ითამაშეს და შეტევაში მათი პრობლემები აშკარა იყო.
ნათელია, რომ ბერარდი “სასუოლოში” დიდი ხნით არ დარჩება და მისი რომელიმე გრანდში გადაბარგება მხოლოდ დროის საკითხია. დიდი ალბათობით, ეს გრანდი სწორედ “იუვენტუსი” იქნება, სადაც ახალგაზრდა შემტევის გადასვლა ამ ეტაპზე ყველაზე რეალური ჩანს.
ცნობილია, რომ კარლოს ტევესი “იუვენტუსის” დატოვებას აპირებს და მოლაპარაკებებს პსჟ-სთან აწარმოებს. მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის ფერნანდო ლიორენტეც. ამის ფონზე ტურინელები ანდე-პიერ ჟინიაკის ტრანსფერზე კი ფიქრობენ, თუმცა ეს ამბავი გადაწყვეტილი ჯერ არ არის. ბერარდის ტრანსფერი კი ამ გადმოსახედიდან ყველაზე ოპტიმალური ვარინტია ბებერი ქალბატონისთვის.