ტარიელ ხეჩიკაშვილი აბაშასა და მარტვილს ესტუმრა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი რეგიონებში ვიზიტს განაგრძობს. მინისტრმა ამ დღეებში აბაშის და მარტვილის სპორტული სკოლები მოინახულა და ბავშვებს საჩუქრები გადასცა.
აბაშის სპორტულ სკოლას, სადაც 150-მდე ბავშვი რამდენიმე სახეობაში ვარჯიშობს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსგან ძიუდოს და ჭიდაობის ფორმები, ფრენბურთის და წყალბურთის ბურთები, საფეხბურთო, სარაგბო და საკალათბურთო მაისურები და ბურთები, ასევე კალათბურთის ფარები, ფრენბურთის ბადეები, ბაგირები, სავარჯიშო ტომრები და სამინისტროს ეგიდით გამოცემული სპორტული ლიტერატურა გადასცა.
„მიხარია ამდენ სპორტსმენს რომ გხედავთ! დარწმუნებული ვარ, თქვენ შორის მომავალი ჩემპიონებიც არიან და მსურს წარმატება გისურვოთ! მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სამინისტრო ყოველთვის წაახალისებს და მხარს დაუჭერს ისეთ მონდომებულ ახალგაზრდებს, როგორებიც აქ, თქვენთან, აბაშაში არიან. დღეს სპორტულ ინვენტარს გადმოგცემთ და გარწმუნებთ, რომ ეს არ იქნება ბოლო საჩუქარი. ჩვენ სპორტული ფორმებით და ინვენტარით ყველა რაიონს ვეხმარებით და ეს ერთადერთ მიზანს ემსახურება – ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვას. თუ მომავალში სპორტული წარმატებითაც გაგვახარებთ, ამას არაფერი აჯობებს! კიდევ ერთხელ, წარმატებას გისურვებთ”! – განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დელეგაცია აბაშაში ახალგაზრდების შორის ქუჩის საკალათბურთო ტურნირსაც დაესწრო, რომელიც ადგილობრივი სპორტსკოლის მესვეურებმა კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ჩაატარეს.
მარტვილში ვიზიტისას ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამი საფეხბურთო მოედანი მოინახულა, ასევე სალხინოს საშუალო სკოლა. მოსწავლეები და „მარტვილის” ასაკობრივი საფეხბურთო გუნდის წევრები მინისტრმა სპორტული ფორმებით და ბურთებით, ასევე სპორტული ლიტერატურით დაასაჩუქრა.
„საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეს არასდროს აკლდა წარმატებული სპორტსმენები, ხოლო სალხინოში დაბადებულმა მურთაზ ხურცილავამ საერთოდ ზღაპრულ სიმაღლეებს მიაღწია. ბატონი მურთაზის წარმატება ნათელი მაგალითია იმისა, რომ მონდომების და სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში წარმატება სულაც არაა მიუღწეველი. გისურვებთ გამარჯვებებს და რაც მთავარია, ჯანმრთელობას”, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სალხინოს სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრისას.
მინისტრმა სპორტული სკოლის მესვეურებს ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, სპორტული ინვენტარით მომარაგება და სპორტულ პროექტებში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური