ტარიელ ხეჩიკაშვილი: “აღარ ვაპირებ გავაგრძელო ინვესტირება პროფესიულ საკლუბო დონეზე!
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტელეკმპანია იმედის ეთერში განაცხადა, რომ ის პროფესიულ საკლუბო დონეზე ინვესტირებას წყვეტს. მისი თქმით, მან ეს ნაბიჯი ბოლო დროს დაგროვილი პრობლემების გამო მიიღო.
“რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა და ხდება ამ ბოლო ტურების მანძილზე ძალიან ცუდია, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის, რასაც ახლა გავაჟღერებ, არ არის მხოლოდ ერთ კონკრეტულ თამაშზე რეაქცია. ვერ წარმოვიდგენდი ვერასოდეს, რომ ამ თემაზე მომიწევდა საუბარი, რადგან ჩემთვის ყოველთვის ამოსავალი წერტილი იყო ქართული ფეხბურთის სიყვარული. “საბურთალო” ყოველთვის გამოირჩეოდა ამ ფასეულობებით და პატიოსნად ვემსახურებოდით ქართულ ფეხბურთს წლების მანძილზე. შევქმენით ისტორია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ვართ ასაკობრივ ნაკრებებში. უანგაროდ და პატიოსნად ვემსახურებოდით ქართულ ფეხბურთს.
რატომ ვამბობ ამას წარსულ დროში? ძალიან ბევრს უნდა, რომ ეს მხოლოდ ერთ მატჩს დაუკავშირონ, მაგრამ ეს პრობლემები იყო და ხშირად ვცდილობდით გვესაუბრა მათთან, ვისაც შეეძლო ეს პრობლემები მოეგვარებინა. მაგრამ იყო აბსოლიტური იგნორი და შეგრძნება, რომ საქმე გვაქვს დიდ უსამართლობასთან და არაკომპეტენტურობასთან. საუბარი არ არის მხოლოდ კონკრეტულ მსაჯებზე, ვსაუბრობ საფეხბურთო მოხელეებზე. იმის მაგივრად, რომ გვეხმარებოდნენ და თანამშრომლობის რეჟიმში ვიყოთ, დღეს ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის პრობლემა გვაქვს. უფრო სწორად, მათი მხრიდან კლუბის ინვესტორების, ხელმძღვანელების, მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მიმართ, რომლებიც შრომობენ. ეს ძალიან ყურადსაღები პრობლემაა.
სწორედ იმიტომ, რომ დღეს წავაწყდი ისეთ პრობლემებს, რომელიც ვერ მძალულს გადავწყვიტო, აღარ ვაპირებ გავაგრძელო ინვესტირება პროფესიულ საკლუბო დონეზე. ძალიან მიჭირს ამ გადაწყვეტილების გაჟღერება. ფეხბურთი რომ უზომოდ მიყვარს, ეს სისუსტედ არ უნდა ჩაითვალოს. დროებით ვწყვეტ ინვესტიციებს პროფესიულ დონეზე. ეს არ ნიშნავს, რომ “საბურთალო” არ გააგრძელებს ფუნქციონირებას. იქ არიან კომპეტენტური ხალხი მენეჯერებში, მწვრთნელებში, მათ შორის ჩემი პარტნიორები. იმედია, ისინი გააგრძელებენ “საბურთალოს” განვითარებას. მაგრამ მე ჩემ ძალას, ენერგიას, ცოდნას, ადამიანურ თუ ფინანსურ რესურსებს მოვახმარ აკადემიის განვითარებას. აუცილებლად დავეხმარები ნიჭიერ ახალგაზრდებს.
კონკრეტულ გვარებისა და პიროვნებების პრობლემაზე არ ვსაუბრობ. მე ვამბობ, რომ სისტემური პრობლემაა. სამწუხაროდ, ეს ადამიანების არაკომპეტენტურობამ გამოიწვია. მინდა, იმ ინვესტორებს მაინც გაუფრთხილდნენ, ვინც დარჩა ქართულ ფეხბურთში. მეტი პატივისცემითა და გულისხმიერებით მოექცნენ. ქართული ფეხბურთი იმ რამოდენიმე ადამიანის მხრებზე დგას და მათ მოფრთხილება უნდა”, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. ის “დინამოსთან” გამართულ მატჩს გამოეხმაურა, სადაც მისი აზრით, საბურთალოელებს მსაჯები უსამართლოდ მოექცნენ.