ტარიელ ხეჩიკაშვილი: “კაცი თავის გვარს ასე ამართლებდეს, იშვიათად მინახავს”
“საბურთალოს” პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა მისი კლუბის აკადემიის აღზრდილის, გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის შესახებ ისაუბრა.
“ბევრჯერ მითქვამს, კაცი თავის გვარს ასე ამართლებდეს, იშვიათად მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ მცველი იყო, არ მახსოვს მისი უხეში თამაში. შვლის ნუკრივით იყო. მეტოქეც პატივისცემით ეპყრობოდა.
გიორგი არის ძალიან კარგი გაზრდილი შვილი. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მის ღირსეულ მშობლებს, მის სანათესაოს, ბებიებს, დას. ვერ წარმოიდგენთ, რა სულგრძელობა გამოიჩინეს. ხომ ხდება ასეთ დროს, ვიღაც დაიწყევლება, მაგრამ მათ ცუდი არ წამოსცდენიათ. ღვთისნიერი ხალხია და ამბობდნენ, რომ ‘ღმერთო მიუტევეთ’. ძალიან საშინელება იყო, მაგრამ ამ ადამიანებმა კიდევ უფრო შემაყვარეს თავი თავისი უბრალოებით.
მინდა ჟურნალისტებსა და ადვოკატებს ვთხოვო, გაითვალისწინონ, ამ ბავშვის კადრებს რომ აჩვენებენ და ათას ვერსიაზე ლაპარაკობენ, კიდევ ერთხელ კლავენ მშობლებს.
გადაწყვეტილია, რომ ჩავატარებთ საერთაშორისო ტურნირს, რომელსაც შაქარას თასი ერქმევა. უკვდავყოფთ მის სახელს. მის სახელზე ნიჭიერ ფეხბურთელებს სტიპენდია დაენიშნებათ. მისი ოჯახი იქნება “საბურთალოს” წევრი. კიდევ ერთხელ ვუხდი მათ მადლობას და მინდა, გამძლეობა ვუსურვო.
დარწმუნებული ვარ, კორონავირუსი რომ არ ყოფილიყო, ის ისეთი რეჟიმის მოყვარული იყო, შეკრება ან ვარჯიში რომ ჰქონოდა, საკუთარ თავს საღამოს სადმე წასვლის უფლებას არ მისცემდა. იშვიათად მინახავს, საქმისადმი ასეთი მიდგომით ვინმე. იმით დავიწყოთ, რომ ყოველთვის ადრე მოდიოდა ვარჯიშზე. აქვთ მის ასაკში ფეხბურთელებს თვისება, რომ მწვრთნელებს უშინაურდებიან, არასოდეს ეს არ შეშლია. 19 წლის კაცი მწვრთნელს “გიორგი მასს” ეძახდა. ბოლო მომენტამდე ყველასთან თქვენობით ლაპარაკობდა.
ორთაბრძოლის დროს, მეტოქე რომ წაქცეულიყო, ბოდიშს მოუხდიდა. იყო ძალიან თავაზიანი. როგორც სპორტსმენი, ძალიან პერსპექტიული. ბებიამისმა დაატირა და ეს არ ამოვა ჩემი გონებიდან. “საბურთალო 2″-ში რომ მოხვდა, ეს მისთვის მოტივაცია იყო და ბებიამისისთვის უხარებია, რომ მალე ძირითად გუნდში მოვხვდები და მერე ევროპაში წავალო. მიზანდასახული იყო.
უზომოდ გვაკლია. სეზონი იწყება, მისმა გუნდმა ვარჯიში დაიწყო და მწვრთნელი ამბობს, რომ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ უნდა იყვნენ შაქარას გარეშე”, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში.