თბილისის „დინამო“ კვლავ პირველია
საქართველოს ჩემპიონატის მე-7 ტურში თბილისის „დინამომ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა. თბილისელებს მოგების ორმაგი მოტივაცია ჰქონდათ – გამარჯვებით შემთხვევაში ისინი არამხოლოდ გასულ სეზონში მარცხისთვის რევანშს აიღებდნენ, არამედ, პირველ ადგილსაც დაიბრუნებდნენ, რამეთუ აქამდე პირველ ადგილზე მყოფმა გორის „დილამ“ „სამტრედიასთან“ გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 წააგო.
პირველი ტაიმი ბევრი სახიფათო მომენტით არ გამორჩეულია. მეცხრე წუთზე კიტეიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის კარს შორიდან დაუმიზნა, ორ წუთში კი სუხიაშვილი მასპინძელთა საჯარიმოში შეიჭრა – ეპიზოდი კუთხურით დასრულდა. ხუთ წუთში, კუთხურის შემდეგ, თევზაძის ერთი შეხებით დარტყმული სტუმართა კარს დიდი მანძილით ასცდა. ცოტა ხანში უშედეგო ქვილითაიას დარტყმაც გამოდგა. 29-ე წუთზე დარტყმა ბერიაშვილმა სცადა, რომელიც არაზუსტი გამოდგა, ორ წუთში კი საბა ლობჟანიძემ მარცხენა ფლანგიდან ჯარიმა ლამაზად შეასრულა და პირდაპირ მეტოქის კარში დაარტყა – აჭარელთათვის საბედნიეროდ, მიხეილ ალავიძემ ბურთის მოგერიება მოახერხა.
მეორე ნახევარი შედარებით სანახაობრივი გამოდგა. ტაიმის დასაწყისში ბერიაშვილი მარჯვენა ფლანგიდან მასპინძელთა საჯარიმოში საკმაოდ სახიათოდ შევიდა, მოულოდნელად მას რენე წამოეპარა, რომელმაც ხიფათი განმუხტა. 58-ე წუთზე, რომ არა ცოცხალი კედელი, თევზაძის ჯარიმის შემდეგ ბურთი, შესაძლოა, ბათუმური კლუბის კარში აღმოჩენილიყო. 66-ე წუთზე შეცვლაძე შესულმა ვოლკოვმა თანაგუნდელის გადაცემა კარგად მიიღო და ჰაერში დაარტყა – ბურთი ძელს მოხვდა. 71-ე წუთზ,ე პარუნაშვილის დარტყმის შემდეგ, ბურთი რიკოშეტით ბათუმელთა კარისკენ წავიდა, ალავიძეს კი კვლავ თამაშში ჩართვა მოუწია. ორ წუთში ბათუმელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ კი დამატებაზე კიტეიშვილს ცარიელ კარში დარტყმა არ გაუჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ იქვე მას მცველები ხელს უშიდნენ – ანგარიში გაიხსნა. მატჩის ბოლოს ბათუმელებს წონასწორობის აღდგენის შანსი ჰქონდათ. 83-ე წუთზე, აბუსელიძის შორეული დარტყმის შემდეგ, ჰრდლიჩკას ბურთი ხელიდან გაუვარდა, თუმცა სლოვენიელმა თავისი შეცდომა მომენტალურად გამოასწორა და იქვე მყოფ მედინას დამატებაზე თამაშის საშუალება არ მისცა. მსაჯის მიერ დამატებით სამ წუთში სტუმრებმა მეტოქის კართან ხიფათი შექმნეს, თუმცა ანგარიში ვერ გაათანაბრეს.
საბოლოოდ, 1:0 – გია გეგუჩაძის გუნდმა ამ გამარჯვებით 18 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე დაბრუნდა. შემდეგ ტურში თბილისის „დინამოელებს“ პრინციპული მატჩი ელით – დედაქალაქელები ქუთაისის „ტორპედოს“ ესტუმრებიან.
„დინამო თბილისი“ – „დინამო ბათუმი“ 1:0
გოლი: კიტეიშვილი 73′
„დინამო თბილისი“: ჰრდლიჩკა, ტვილდიანი (ჭელიძე 90′), გველესიანი, რენე, თევძ~ზაძემ, ცინცაძე, აპრუნაშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი, ლობჟანიძე (ვოლკოვი 58′), ქვილითაია (არაბული 69′)
„დინამო ბათუმი“: ალავიძე, სუხიაშვილი, ქათამაძე, მახარაძე, გოიგიტიძე, მგელაძე, შონია (ვარშანიძე 20′), დიასამიძე (ლუის ალბერტუ 56′), ქავთარაძე, ჩივრიკაშვილი (აბუსელიძე 80′), ბერიაშვილი