ჭიაბრიშვილი: “იმ თამაშისაგან, რაც მინდა, რომ ვითამაშოთ, ჯერ შორს ვართ”
თბილისის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში “კრაიოვასთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.
“ჩვეულ რეჟიმში მოვემზადეთ. კარგია, რომ ფეხბურთელების უმეტესობა ჯანმრთელადაა. ძირითადი ბირთვი, რითაც გვინდოდა ამ მატჩში გვეთამაშა, მზადაა.
სატურნირო მდგომარეობიდან ჩანს, რომ იმ თამაშისაგან, რაც მინდა, რომ გუნდმა ითამაშოს, ჯერ შორს ვართ. მთელი გულით ვმუშაობთ და ფეხბურთელებიც ძალიან ბევრს შრომობენ. ერთი თვე ძალიან ცოტაა. არ მგონია, ის თამაში, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ, ან მე მომწონდეს ან მაყურებელს.
შარშან “საბურთალოს” მწვრთნელი ვიყავი და მაშინაც ჩემ გუნდს ევროტურნირებზე გამოცდილება აკლდა. გამოცდილება ძალიან ბევრ რამეს წყვეტს. ჩემ გუნდს მაშინ შევატყვე, რომ შინ თამაში უფრო მეტი წნეხი ჰქონდა, რაც ლაღი ფეხბურთის თამაშში ხელს გვიშლიდა. გასვლაზე ეს ფაქტორი მოხსნილი იყო. “ლოკომოტივშიც” ეს გამოცდილება არ გვაქვს. უბრალოდ, არ ვართ მიჩვეული ამას. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა დიდია.
მეტოქის ყველა ფეხბურთელისა თუ მწვრთნელის შესახებ ყველაფერი ვიცით. ძალიან ძლიერი გუნდია. რუმინეთის ჩემპიონობისათვის ბოლო ტურამდე იბრძოდა. ეროვნული ნაკრების ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელები ჰყავთ. გუნდს კარგი, იტალიელი მწვრთნელი ხელმძღვანელობს. შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. სამი ნახევარმცველიდანაც სამივე შეტევაზე ფიქრობს. ეს არის, რაც ჩვენ ვიცით. იმ სავარაუდო ოთხ გუნდში, რომელიც შეიძლებოდა, შეგხვედროდა, “კრაიოვა” ყველაზე ძლიერი
იყო. ეს ერთგვარი გამოწვევაა. ხვალ გვინდა დავინახოთ, რეალურად, სად ვართ.
კობახიძე ვერ ითამაშებს, ის დიდი ხანი ტრავმირებული იყო. “სამტრედიასთან” სათამაშო დრო მივეცი, რათა მისი სათამაშო კონდიცია დამენახა. ის ძალიან მონდომებულია, ბევრს შრომობს, მაგრამ ფორმის დაბრუნება ჯერ ვერ მოახერხა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ორი მეკარე გვყავს, მაგრამ არავინ იცის წინასწარ, ვინ ითამაშებს. ამ თამაშისათვის ყველა უნდა მოემზადოს.
ნიკა ჭანტურია განაცხადშია. სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ის გამორჩეული ფეხბურთელია თავისი ხედვით, ინტელექტით. თერთმეტ კაცში იქნება თუ არა, ამას წინასარ არ ვამბობ.
ამ შეხვედრას სერბი მთავარი არბიტრი ჰყავს. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ის ახალგაზრდაა, დამწყებია და ბევრ ყვითელ ბარათს უჩვენებს. ძალიან არ მიყვარს თერთმეტმეტრიანებზე ვარჯიში. ეგეც ფსიქოლოგიური მომენტია, ამიტომ დანიშვნის დღიდან ვმუშაობ თერთმეტმეტრიანებზე, რომ არ იფიქრონ, რომ მხოლოდ ამ მატჩისათვის ვემზადებით. მეკარეც და სხვა მოთამაშეებიც ამ კუთხით მზად არიან”, – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “ლოკომოტივი” – “კრაიოვას” მატჩი 27 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება.
*ფოტო: თბილისის ლოკომოტივი