ჭიაბრიშვილი: “პირველ ეტაპზეც აუტსაიდერებად ვითვლებოდით”
თბილისის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, “ლოკომოტივი” თბილისში მოსკოვის “დინამოს” დაუპირისპირდება.
“პირველი ეტაპის წილისყრაზეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, გამართლება-არგამართლებაზე ნამდვილად არაა. პოტენციური მეტოქეებიდან, სამივე ძალიან ძლიერი გუნდი იყო, ევროტურნირებზე დიდი გამოცდილებით.
მოვემზადებით ისე, როგორც აქამდე ვემზადებოდით – მაქსიმალური მობილიზებითა და კონცენტრაციით. ამ წყვილში, ფავორიტი ჩვენი მეტოქეა, მაგრამ პირველ ეტაპზეც ასე ვიყავით, აუტსაიდერებად ვითვლებოდით; ფურცელზე სხვაა, მოედანზე კი, სულ სხვა.
გაგვიმართლა, რომ მეორე ეტაპსაც სახლში ვითამაშებთ. ძალიან ძლიერი, მაღალბიუჯეტიანი მეტოქე გვყავს, რომელიც რუსეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა. შემადგენლობაში რუსეთის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების 12 ფეხბურთელი ჰყავთ. ასევე, ლეგიონერები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ხორვატია, გერმანია, პოლონეთი, უკრაინა, ბოსნია, ნიგერია.
ახლა დეტალებში ვერ ჩავალ, რადგან, ჯერჯერობით, ლოკომოტივი ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩისთვის ემზადება. ამის შემდეგ, მთლიანად გადავერთვებით მოსკოვის დინამოსთან მატჩზე”, – ციტირებს ჭიაბრიშვილის სიტყვებს “ლოკომოტივის” ოფიციალური ვებ-გვერდი.
ფოტო: fcloco.ge