ჭიაბრიშვილი: “ყველა მატჩში ვიბრძოლებთ”
თბილისის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინულ “კრაიოვასთან” გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“გათვითცნობიერებული მაქვს, რომ ჩვენ სასარგებლოდ ბევრი რამ მოხდა. ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდი იყო. მე ვფიქრობ, დღეს დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
რეალობას ვერ გავექცევით, ყოველთვის კენჭისყრაზე ვართ დამოკიდებული. სანამ ასეთ რამეზე ვართ დამოკიდებული, არ მაქვს უფლება ხმამაღალი განცხადება გავაკეთოთ. გამიჩნდა რაღაცის მოლოდინი, მაგრამ არ მინდა ამის თქმა. დღეს ჩვენ არ ვართ ისეთი ძლიერი გუნდი, რომ ვთქვათ, რომ ჯგუფში გავალთ, თუმცა ყველა მატჩში ვიბრძოლებთ. ვეცდებით ისეთი გუნდი ჩამოვაყალიბოთ, რომ მხოლოდ ჩვენ თავზე ვიყოთ დამოკიდებული.
პირადად ჩემთვის, ყველა გამარჯვება დიდი სიხარულია. კარგი იქნებოდა, აქ ყოფნა გულშემატკივრებსაც შეძლებოდა. წინა წელს, გულშემატკივარს იმედგაცრუების მეტი არაფერი ვაჩუქე. დღეს მათ ტელევიზორებთან გაიხარეს.
ნიკა სანდოხაძე კარგადაა. შეიყვანეს გამოკვლევაზე. თავის მიდამოში დაზიანება აქვს, მაგრამ ყველაფერი კარგადაა, სერიოზული არაფერია. მან ეს მატჩი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა, მთელი გუნდი აიყოლია. კარგი იქნება, თუ მალე დაბრუნდება.
პირველ ნომრად თამაში დაგეგმილი გვქონდა. დღეს პირველივე წუთებზე მეტოქემ უკან ისე დაგვხია, მეგონა, ბოლომდე ასე გაგრძელდებოდა, მაგრამ ეს წნეხი მალევე გადავლახეთ. ამის შემდეგ ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ.
დღევანდელ მატჩში გამოვლენილი დისციპლინა ძალიან კარგი იყო. კირკიტაძე მთელი პირველი ტაიმი ვერ გააჩერეს”, – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.
ფოტო: თბილისის ლოკომოტივი