ჭიდაობის ფედერაციის განცხადება
საქართველოს ეროვნული ჭიდაობის ფედერაცია ბოლოდროინდელ ამბებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
“საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია დეტალურად იკვლევს ინციდენტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 11 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში. ამავდროულად, ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარს, რომელიც ძალიან გავს წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას.
ჭიდაობაში სიტუაციის არევის მსურველი ადამიანების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და ყოველ დღე, მიზანმიმართულად ცდილობენ ახალ-ახალი „ნაღმის“ დადებას. მათი მიზანია, დაძაბულობის მუხტი უფრო და უფრო გაიზარდოს და ნაბიჯ-ნაბიჯ, საჭიდაო სამყაროში მოტრიალე ხალხიც შეიყვანონ შეცდომაში.
გუშინ – 25 იანვარს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ამ არხის სპორტული კორესპონდენტის დავით ერაძის საცხოვრებელი სახლის აივნის კარზე ნატყვიარს.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა ირიბად მიანიშნა, რომ ეს შემთხვევა შეიძლება უკავშირდებოდეს დავით ერაძის მიერ ერთი კვირის წინ მოჭიდავეების სკანდალზე მომზადებულ რეპორტაჟს.
ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კი პირდაპირ ახსენა 5 ათასი ლარის გირაოთი წახალისებული მოძალადეები, რომლებიც ჟურნალისტებზე თავდასხმის ორგანიზებას ახდენენ.
ტელეკომპანია რუსთავი 2-მა დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და ფაქტია, ხელი გამოიშვირა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და პირადად მისი პრეზიდენტისკენ.
მოვუწოდებთ მას-მედიის წარმომადგენლებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ისეთი ინფორმაციების გავრცელებისგან, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება და ნუ შეეცდებიან, ქართული ჭიდაობის სამყაროში დღეს არსებული დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დაძაბონ.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მაქსიმალურად ცდილობს, არ ჩაერთოს ადამიანთა გარკვეული ჯგუფისა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ მიზანმიმართულად აგორებულ პროვოკაციაში და თავი აარიდოს ყოველდღიურად მომზადებულ შეურაცხმყოფელ დარტყმაზე კონკრეტული პასუხების გაცემას. კარგად ვიცით, რომ სატელევიზიო სიუჟეტებში მხოლოდ ერთი მხარის საუბრის გამოქვეყნებით თავს არათანაბარ პირობებში ვიყენებთ და შესაძლოა ბევრმა მაყურებელმა ცალმხრივი სიუჟეტების ნახვის შემდეგ არასწორი დასკვნაც გამოიტანოს, მაგრამ… ჩვენი მთავარი საქმე სპორტის სიყვარულია და არა სკანდალური განცხადებები.
სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა იმ ისტორიული წარმატებების მიღწევა, რომლებსაც ბოლო წლებში მივაღწიეთ. 2018 წელს ჩვენმა მოჭიდავეებმა აქამდე არნახული შედეგიანობით გაგვახარეს. ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა მედლების რეკორდული რაოდენობა მოიპოვეს. ქართველი მოჭიდავეები საქართველოში წლის შემაჯამებელ ყველა გამოკითხვაში მოწინავეთა შორის იყვნენ, საერთაშორისო ფედერაციის ჯილდოც მივიღეთ და რაც ყველაზე გამორჩეულად სასიხარულოა, საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ახლახან დასახელდა საქართველოს 2018 წლის საუკეთესო ფედერაციად.
სწორედ ამ შედეგიანობას ვერ ეგუება ბევრი მტრულად განწყობილი, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი და სამწუხაროა, რომ ბინძურ პროვოკაციებში სპორტსმენების გარევასაც არ ერიდებიან.
მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიცვან ფედერაცია მოსალოდნელი პროვოკაციებისგან. 25 იანვარს ადგილი ჰქონდა პირდაპირი დადანაშაულების ფაქტს, რაც მიზანმიმართული ბინძური კამპანიის ნაწილია.”