ტებასი: “ლა ლიგა მესის წასვლისთვის ფინანსურად მზად არის”
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, პრესასთან საუბრისას ლეო მესის შესაძლო ტრანსფერი განიხილა. როგორც იცით, “ბლაუგრანას” სუპერვარსკვლავის ტრანსფერით “პარი სენ-ჟერმენი” და “მანჩესტერ სიტი” არიან დაინტერესებულნი.
“მესის კონტრაქტში არსებული შეთანხმების გამო ლეოს კლუბის დატოვება არ შეუძლია. თუმცა, როგორც კრიშტიანუს შემთხვევაში ვამბობდი, ლა ლიგა მესის წასვლისთვის ფინანსურად მზად არის.
კრიშტიანუს “რეალიდან” წასვლა მეტწილად კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო. არ მაქვს ასეთ რაღაცებზე საუბრის უფლება, მაგრამ ყოველთვის მირჩევნია, რომ საუკეთესო ფეხბურთელები ჩვენ ჩემპიონატში დარჩნენ. ანალოგიური მდგომარეობა იყო ნეიმარის შემთხვევაშიც.
კრიშტიანუ წარმოუდგენლად კარგი გოლეადორი იყო და მისმა წასვლამ ჩვენზე უარყოფითი ზემოქმედება იქონია. თუმცა ფინანსური გავლენა მინიმალური იყო, რადგან ამისთვის მომზადებულნი ვიყავით,” – განაცხადა ტებასმა.