თემურ ქეცბაია: “ამ ეტაპზე ეს არის, რაც შეგვიძლია”
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მეორე მატჩი გლაზგოში გამართა, სადაც შოტლანდიის ნაკრებთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ ეს მარცხი სამყაროს დასასრული არ არის და იქვე დაამატა, გიბრალტარის ნაკრებს აუცილებლად უნდა მოვუგოთო.
“დღეს ორი-სამი მოთამაშე გვაკლდა, თუმცა მოედანზე მყოფი ფეხბურთელები 100 პროცენტით დაიხარჯნენ. ამ ეტაპზე ეს არის, რაც შეგვიძლია. შოტლანდიელთა უმეტესობა ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობს. შეადარეთ ისინი ქართველ ფეხბურთელებს და დაინახავთ, რაოდენ დიდი განსხვავებაა საქართველოს ჩემპიონატისა და ინგლისის პრემიერლიგის ტემპს შორის.
ძალიან რთულია სტუმრად თამაში კარგი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც გულშემატკვრები მხურვალედ უჭერენ მხარს. ჩემმა ბიჭებმა ნორმალურად ითამაშეს, ეს არ არის სამყაროს დასასრული. მომდევნო მატჩს გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ გავმართავთ. უფრო მეტს შევუტევთ. გიბრალტარის ნაკრები აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, შოტლანდიაში ეს მოთხოვნა არ გვქონია”, – აღნიშნა ქეცბაიამ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს ეროვნული გუნდი გიბრალტარის ნაკრებს 14 ოქტომბერს, პორტუგალიის ქალაქ ლოლეში შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრვი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.