ტერი: “როდესაც “ვესტ ჰემს” გოლი გავუტანე, მამამ ტრიბუნიდან გინება დამიწყო”
ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა ფეხბურთელმა ჯონ ტერიმ თითქმის მთელი პროფესიული კარიერა “ლურჯების რიგებში გაატარა, გახდა გუნდის კაპიტანი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, თუმცა ოჯახის წევრების გული მაინც ვერ მოიგო, რადგან ისინი ისტორიულად ლონდონის სხვა უბნის გუნდის, “ვესტ ჰემ იუნაიტედის” ფანები არიან. ტერიმ აღნიშნულთან დაკავშირებით კარიერიდან ერთი ეპიზოდი გაიხსენა.
“მთელი ჩემი ოჯახი “ვესტ ჰემს” ქომაგობდა. მახსოვს, 2014 წელს, “სტემფორდ ბრიჯზე” “ვესტ ჰემს” გოლი გავუტანე. გატანილი ბურთი სტუმარი გუნდის ფანების სექტორთან აღვნიშნე და ხალხის მასაში მამა და ბიძა დავინახე. მათ მუშტები მომიღერეს და ჩემი მისამართით ლანძღვა-გინება დაიწყეს”, – თქვა ტერიმ THE FOOTBALLER’S GUIDE-ის პოდკასტში.
ინგლისელი ფეხბურთელი ნაწილობრივ “ვესტ ჰემის” აღზრდილია, “ჩელსის” აკადემიაზე არჩევანი კი 14 წლის ასაკში გააკეთა, რაც მამისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო და არასრულწლოვან შვილს კონტრაქტზე ხელმოსაწერად არც გაყვა. საბოლოოდ, ეს მოვალეობა საკუთარ თავზე ჯონის დედამ იკისრა. მაშინ ტერის სამი ვარიანტი ჰქონდა: “არსენალი”, “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი”. მამამისი ამ სამი ალტერნატივიდან “მანჩესტერ იუნაიტედის” ვარიანტს ემხრობოდა.