ტევესი: “სირცხვილია, თამაშს გვაიძულებდნენ”
“ბოკა ხუნიორსის” თავდამსხმელმა, კარლოს ტევესმა გუშინ მომხდარი ამბების შემდეგ სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცი გააკრიტიკა.
როგორც იცით, 24 ნოემბერს ლიბერტადორესის თასის ფინალის განმეორებითი მატჩი უნდა ჩატარებულიყო. მასპინძელი “რივერ პლეიტის” ფანები “ბოკა ხუნიორსის” ავტობუსს თავს დაესხნენ. რამდენიმე ფეხბურთელი დაშავდა, ასევე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა, რამაც ფეხბურთელებიც დააზიანა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ შეხვედრა დღეს, 00:00 საათზე დაიწყება.
“მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი სამარცხვინოა. რასაც სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია აკეთებს, სამარცხვინოა. ეს ჩემი მოსაზრებაა. თუ ვინმეს უნდა, რომ ამ სიტყვების გამო დამსაჯოს, პრობლემა არ არის.
პაბლო პერესი საავადმყოფოში იყო და ისინი გვაიძულებდნენ, რომ გვეთამაშა. ეს სირცხვილია. საავადმყოფოში “ბოკა ხუნიორსის” ორი ფეხბურთელი იმყოფებოდა, კიდევ ერთი მოწამლული იყო, მეც მოვიწამლე.
რა თქმა უნდა, “რივერ პლეიტი” თასის მოგებასთან ახლოს იყო, რადგან მათ ის გააკეთეს, რაც სურდათ. ამის შემდეგ სალაპარაკო არაფერია. ეს რომ “ბოკას” გაეკეთებინა, დისკვალიფიკაციას მოგვცემდნენ და “რივერს” თასს გადასცემდნენ”, – ციტირებს ტევესის სიტყვებს Goal.Com.