თანაგუნდელები, რომლებიც ერთმანეთს დასანახად ვერ იტანდნენ
წარმოგიდგენთ თანაგუნდელთა წყვილს, რომლებიც ერთ გუნდში თამაშობდნენ, თუმცა ერთმანეთს დასანახად ვერ იტანდნენ.
ლოთარ მათეუსი და შტეფან ეფენბერგი (“ბაიერნი”, გერმანია)
ლოთარ მათეუსი და შტეფან ეფენბერგი წლების განმავლობაში ერთად იცავდნენ ეროვნული ნაკრების ღირსებას, ორი წლის მანძილზე მიუნხენის “ბაიერნშიც” იყვნენ თანაგუნდელები, თუმცა ერთმანეთთან საკმაოდ ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. ეფენბერგი მათეუსს ჟურნალისტებთან ყოველთვის ცუდ კონტექსტში ახსენებდა, მას ყალბ ლიდერად მოიხსენიებდა და ამბობდა, რომ ლოთარს სიმამაცე აკლდა. კარიერის დასასრულს ეფენბერგმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომლის ერთი თავიც მათეუსს მიუძღვნა, სახელწოდებით: “რა იცის ლოთარ მათეუსმა ფეხბურთის შესახებ”. ეფენბერგმა ეს გვერდი სრულიად ცარიელი დატოვა. თავის მხრივ, არც მათეუსი რჩებოდა ვალში, “მეგობარს” ყოველთვის პასუხობდა და “ბაიერნს” მისი გაყიდვის თაობაზეც მიმართა.
ოლივერ კანი და იენს ლემანი (გერმანია)
არც მეორე გერმანელ წყვილს ეხატებოდა ერთმანეთი გულზე. გარდა იმისა, რომ მათ ნაკრების პირველი მეკარის ადგილისთვის ჰქონდათ ქიშპი, იყო პირადი ანტიპათიაც. ოლივერ კანი იენს ლემანს დასცინოდა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ლონდონის “არსენალის” ძირითადი მეკარის ადგილი მანუელ ალმუნიას დაუთმო.
ამის შემდეგ ლემანმა კანს ჭორი დაუგდო, ახალგაზრდა ბარმენ გოგონასთან აქვს ურთიერთობაო.
“24 წლის გელფრენდი არ მყავს. მე სხვანაირი ცხოვრებით ვცხოვრობ”, – აღნიშნა ერთხელ იენსმა.
ლემანს ნათქვამი აქვს, რომ ცხოვრებაში სამი რამ სძულს: საცობებში დგომა, სათადარიგოთა შორის ჯდომა და ოლივერ კანი.
რობერტ ლევანდოვსკი და იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (“დორტმუნდი”, პოლონეთი)
რობერტ ლევანდოვსკი და იაკუბ ბლაშჩიკოვსკი საკლუბო დონეზე წლების განმავლობაში ერთად თამაშობდნენ, თუმცა მათი პირადი ურთიერთობა ყოველთვის კულისებს მიღმა რჩებოდა. ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ ერთმანეთთან არცთუ ისე კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ. ერთ-ერთ მიზეზად მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები სახელდება. საქმე იქამდე მივიდა, რომ თანამემამულეები გერმანიიდან პოლონეთში სხვადასხვა რეისებით მიფრინავდნენ.
2013 წელს რობერტ ლევანდოვკი დაქორწინდა. მის ქორწილში დაახლოებით 300 სტუმარი იყო მიწვეული, მათ შორის არ აღმოჩნდა იაკუბ ბლაშჩიკოვსკი. ცუდმა ურთიერთდამოკიდებულებამ ფეხბურთელებს მოედანზე შესანიშნავ ურთიერთქმედებაში ხელი მაინც ვერ შეუშალა.
ჯონ ტერი და უეინ ბრიჯი (“ჩელსი”, ინგლისი)
ჯონ ტერისა და უეინ ბრიჯს “ჩელსიში” საკმაოდ თბილი ურთიერთობა ჰქონდათ. ისინი ერთმანეთთან ოჯახებით მეგობრობდნენ და ხშირადაც სტუმრობდნენ ერთმანეთს, თუმცა მას შემდეგ, რაც ტერიმ ბრიჯს “რქები დაადგა”, მათ შორის მეგობრობას, რა თქმა უნდა, წერტილი დაესვა. ბრიჯი “ჩელსიდან” წამოვიდა და მოღალატე ვანესაც მიატოვა.
აღსანიშნავია, რომ ტერის ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ინგლისის ნაკრების ყოფილ მცველ რიო ფერდინანდთანაც. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ტერიმ ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთი მატჩის მიმდინარეობისას რიოს უმცროს ძმას ანტონ ფერდინანდს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ ტერი და ფერდინანდი ერთმანეთს აღარ ელაპარაკებოდნენ.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი და რაფაელ ვან დერ ვაარტი (“აიაქსი”)
ამსტერდამის “აიაქსის” ფეხბურთელებს შორის კონლიქტის მიზეზი გახდა ტრავმა, რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის 2004 წელს გამართულ ამხანაგურ მატჩში მიაყენა რაფაელ ვან დერ ვაარტს.
ჰოლანდიელმა შვედი ტრავმის განზრახ მიყენებაში დაადანაშაულა.
“შენთვის ტრავმა განხრაზ არ მომიყენებია და ეს კარგად იცი. თუ ჩემ დადანაშაულებას გააგრძელებ, ორივე ფეხს მოგტეხავ და აი, ეს კი იქნება განზრახ”, – უპასუხა იბრაჰიმოვიჩმა.
იმ დროს ჰოლანდიელი “აიაქსის” კაპიტანი გახლდათ, ზლატანი კი გუნდის საუკეთესო მეგოლე. კლუბში მათ შორის კონფლიქტი აღარ
გამწვავდა, რამდენიმე დღეში იბრაჰიმოვიჩი ტურინის “იუვენტუსში” გაყიდეს.
მაურო იკარდი და მაქსი ლოპესი (“სამპდორია”)
მაქსი ლოპესი და მაურო იკარდი “სამპდორიაში” თანაგუნდელები იყვნენ და ერთმანეთის ძალიან ახლო მეგობრებად ითვლებოდნენ. თუმცა, შემდეგ იკარდიმ მეგობარს მეუღლე ვანდა ნარა “წაართვა”, რომლისგანაც მაქსის უკვე ჰყავდა სამი შვილი.
ამ საყოველთაოდ დაგმობილი მოვლენის შემდეგ მაურო იკარდისთვის არგენტინის ნაკრების კარი დაიხურა. საქმეში ლიონელ მესი ჩაერთო, რომელმაც მაქსი ლოპესის მხარე დაიჭირა და იკარდისთან ერთად ერთ გუნდში თამაშზე უარი თქვა.