თარგამაძე: “ევროპაში წასვლა ძალიან მინდა”
საქართველოს ნაკრების მოთამაშე, დავით თარგამაძე კვლავ უგუნდოაა. ქართველი ფეხბურთელი დონეცკის “შახტარის” დუბლებთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა როგორც უკრაინელ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი აგენტი ევროპული გუნდების ვარიანტებზე მუშაობს.
“შახტარის დუბლებთან ერთად ვვარჯიშობდი, თუმცა 20 ივნისამდე გუნდი შვებულებაში გავიდა, ამიტომ ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. ჩემი აგენტი დონეცკური კლუბის გენერალურ დირექტორთან ერთად ჩემს ტრანსფერზე მუშაობენ.
ევროპაში წასვლა ძალიან მინდა. ზამთარში ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, თუმცა რაღაც ვარიანტები იყო. “შახტარში” დავრჩი, დუბლებთან ვვარჯიშობდი და გუნდის მხარდაჭერასაც ვგრძნობდი.
ვნახოთ რა იქნება. ვფიქრობ, რომ ყველაფერი გამოვა. აგენტმა მითხრა, რომ რამდენიმე ვარიანტი არის, რომლებსაც ერთად განვიხილავთ” – განაცხადა თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა გასული სეზონი მარიუპოლის “ილიჩივეცში” დაიწყო, თუმცა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო გუნდი დატოვა, რის გამო ფაქტობრივად მთელი სეზონი გაუცდა.