თავდამსხმელი პრემიერლიგიდან, რომელიც 14 წლის ასაკში მამა გახდა

თარიღი: ნოემბერი 28, 2019

უესლი მორაესი დღეს “ასტონ ვილას” ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, თუმცა აქამდე მან გრძელი და რთული გზა განვლო. უესლი 1996 წელს ბრაზილიის ქალაქ ჟუის დე ფორაში დაიბადა. მამა ფეხბურთელი ჰყავდა, თავად უესლიმ კი კარიერა ფუტსალიდან დაიწყო. ცხრა წლის ასაკში მამა ტვინის სიმსივნის შედეგად გარდაეცვალა.

ორი შვილი და მუშაობა ქარხანაში

უესლი მორაესი 14 წლის ასაკში ბრაზილიურ საფეხბურთო კლუბ “იტაბუნაში” მოხვდა. ამავე ასაკში ვაჟიშვილი შეეძინა.

“პირველი შვილი 14 წლის ასაკში შემეძინა. რთული პერიოდი იყო, რადგან პროფესიონალურ კარიერაში პირველ ნაბიჯებს სწორედ ამ დროს ვდგამდი”, -ამბობს უესლი.

ორი წლის შემდეგ, უესლის სხვა ქალისგან უკვე ქალიშვილი შეეძინა. მორაესს ოჯახის სიმძიმე დააწვა და ქარხანაში დაიწყო მუშაობა, სადაც ჭანჭიკებსა და ხრახნებს ახარისხებდა. ამ საქმიანობაში მას თვეში 150 ევროს უხდიდნენ.

“მამა 14 წლის ასაკში გავხდი, 16 წლისას კი მეორე შვილი შემეძინა. მაშინ ვთქვი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რათა ფეხბურთელი გავმხდარიყავი”.

ერთი მეორეზე მოკლე ფეხი

უესლი მორაესს სხვა კლუბში გადასვლის არაერთი მცდელობა ჰქონდა: იყო სინჯებზე მადრიდის “ატლეტიკოში”, ხორვატიაში, ბასკეთსა და საფრანგეთში, თუმცა ყოველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, ამის მიზეზი კი მეტწილად ფეხი გახლდათ.

უესლის ერთი ფეხი მეორეზე სამი სანტიმეტრით მოკლე აქვს. ამ მიზეზის გამო ის ბევრმა კლუბმა დაიწუნა და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ყველასგან განწირული უესლი იმ აგენტს შეხვდებოდა, რომელიც მას ამ განსაცდელისგან იხსნიდა.

“როდესაც მეექვსე გუნდში მივედი, ფეხბურთის ხსენებაც აღარ მინდოდა. ვფიქრობდი, რომ ეს დასასრული იყო. სწორედ მაშინ მივიღე შანსი”.

სლოვაკეთში უესლის ყოფილმა მწვრთნელმა რობერტ რიბნიცეკმა ერთხელ ბრაზილიელ ფეხბურთელზე თქვა: “ვუყურებ მას მოედანზე და ასე მგონია, რომ კოჭლობს”.

ამ თავისებურების მიუხედავად, უესლი 2015 წელს სლოვაკურ “ტრენჩინში” მიიღეს, რომლის რიგებშიც რამდენიმე დღეში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს ანგარიშით 3:2 მოაგებინა, თუმცა მეტოქის ბარიერის დასაძლევად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბრაზილიელმა “ტრენჩინში” ერთი სეზონის განმავლობაში 18 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ბელგიური “ბრიუგეს” ყურადღებაც მიიპყრო.

“ბრიუგე” და “ასტონ ვილა”

“ბრიუგე” ფეხთან დაკავშირებით უესლის პრობლემას სამედიცინო შემოწმებისას უეჭველად აღმოაჩენდა, მაგრამ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბელგიელებს საკუთარი ტემპი და ტექნიკური შესაძლებლობები უჩვენა და მათ ნერვიულობის ყოველგვარი საბაბი გაუქრო. 2016 წელს უესლი “ბრიუგეში” ჩაირიცხა, რომლის რიგებშიც სამი წელი დაჰყო. მან ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარებულ 130 მატჩში 39 გოლი მიითვალა.

უესლი მორაესი ამა წლის ზაფხულში “ასტონ ვილაში” გადავიდა. ბირმინგემელებმა თავდამსხმელის სანაცვლოდ 22 მილიონი გირვანქა სტერლინგი გაიღეს, რითაც უესლი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. 23 წლის ფორვარდმა “ვილაპარკელთა” რიგებში 13 მატჩი უკვე ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები