თბილისი 2015-ის საკალათბურთო ტურნირის კენჭისყრამ საქართველოს მეტოქეები გაარკვია
დღეს, საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში კენჭისყრა ჩატარდა. ჩვენი ყურადღება საკალათბურთო ტურნირის მონაწილეთა ჯგუფებში განაწილებისკენ იყო მიმართული. კენჭი როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა გუნდებს უყარეს.
სანამ შედეგებს გაგაცნობდეთ, აღვნიშნავთ, რომ თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე შეჯიბრება სპორტის 9 სახეობაში გაიმართება. საკალათბურთო ტურნირში 1999 წელს დაბადებულთა 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
მაშ ასე – ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის, დიმიტრი ჟაკობოვისა და გიორგი ნიკოლაძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები „ა“ ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები თურქეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და ლატვიის ნაკრებები იქნებიან. „ბ“ ჯგუფში იტალია, ესპანეთი, სერბეთი და გერმანია მოხვდნენ.
ოლიმპიადის ფარგლებში გოგონათა საკალათბურთო ტურნირიც ჩატარდება. ლელა ცანავასა და როლანდ გელოვანის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები „ბ“ ჯგუფში ჩეხეთთან, თურქეთთან და ბელარუსთან მოხვდა. „ა“ ჯგუფი რუსეთმა, ლატვიამ, უნგრეთმა და საფრანგეთმა შეადგინეს.
ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის საკალათბურთო ტურნირი სტარტს 27 ივლისს აიღებს.
gbf.ge