თბილისის ჩემპიონი 13-წლამდელთა შორის “დინამო” გახდა
დასრულდა თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის მიერ ორგანიზებული ტურნირი 13 წლამდელთა შორის. დედაქალაქის ჩემპიონი გახდა საკალათბურთო კლუბი „დინამო“. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა დინამოელებმა თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ფინალში „აკადემია“ დამაჯერებლად დაამარცხეს და დედაქალაქის უძლიერესი გუნდის ტიტული მოიპოვეს.
საჩემპიონო მატჩი ვერ გამოდგა ისეთი, ფინალს რომ შეეფერება. დინამოელებმა საკმაოდ იოლად – 112:67 დაამარცხეს „აკადემია“. მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს „ჰიუნდაი“ და „ოლიმპი“ შეხვდნენ. ჰიუნდაელებს საჩემპიონო ამბიციები ჰქონდათ და მათთვის მესამე ადგილი დიდი შვება ვერ იქნებოდა, თუმცა ლაშა თოიძისა და ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩს მაინც სერიოზულად მიუდგა და „ოლიმპის“ ძლევით მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ტურნირზე დაწესებული იყო ინდივიდუალური პრიზები. მაყურებელთა სიმპათია გახდა „ჰიუნდაის“ წევრი ოთარ ჭიჭინაძე. ბომბარდირის პრიზი დინამოელმა ირაკლი კილაძემ დაისაკუთრა, ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ბიგანაშვილი დასახელდა.
ინდივიდუალური პრიზების მფლობელები და პრიზიორი გუნდების კალათბურთელები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრებმა – ლევან წულაიამ, მამუკა ლომაძემ და დავით გოცირიძემ დააჯილდოვეს. გამარჯვებულებს საჩემპიონო თასი კავშირის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა გადასცა.
gbf.ge