თბილისის “დინამო“ ქართულ წყალბურთს დაუბრუნდა (ვიდეო)
29 მაისს, სპორტკომპლექს “ოლიმპიკში” წყალბურთელთა ახალი გუნდის თბილისის “დინამოს” პრეზენტაცია გაიმართა. თბილისის “დინამო” ქართულ წყალბურთს 22 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. “დინამო” პირველ მატჩს დღესვე, საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით “ზვიგენებთან“ გამართავს.
ახალი გუნდის პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დავით რურუა და საქართველოს ნაკრების მოთამაშეები – ზურაბ რურუა, მიხეილ ბაღათურია და გიორგი ხვედელიანი დაესწრნენ. “დინამო” საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებითა და უცხოელი მოთამაშეებით დაკომპლექტდა. გუნდის კაპიტანი ზურაბ რურუა იქნება, რომელიც ამავდროულად ეროვნული გუნდის კაპიტანიც გახლავთ.
გუნდის მიზანი საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობის გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია. “დინამოს” უდიდესი ტრადიციები აქვს, 1938 წელს დაფუძნდა და საქართველოს სახელით მოთამაშემ სსრკ ხალხთა სპარტაკიადებში 3-ჯერ ვერცხლის (1956, 63, 79) და 2-ჯერ (1959, 67) ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა.
“დინამოს” წყალბურთელები საბჭოთა კავშირის ნაკრებში დიდი წარმატებებით თამაშობდნენ, პირველი თაობის წარმომადგენელთა შორის გამოირჩეოდა ნოდარ გვახარია. მან პირველმა მოიპოვა ოლიმპიური თამაშებისა (1956, ბრინჯაო) და ევროპის ჩემპიონატის (1958, ბრინჯაო) მედლები, პირველს მიენიჭა სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება (1960).
“დინამოს” სპონსორები არიან – სპორტული დარბაზი “წრე” და “Gelift”-ი.
ტარიელ ხეჩიკაშვილი:” მისასალმებელია ნაკრების წევრების ასეთი წამოწყება – ისტორიული კლუბის აღდგენა. ეს ყველაფერი გაზრდის კონკურენციას და აამაღლებს ეროვნული ჩემპიონატის დონეს. იმედი მაქვს “დინამოს” წარმატებები საერთაშორისო სარბიელზეც ექნება. ჩვენის მხრივ, მაქსიმალურად დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ, ამ ისტორიული გუნდის განვითარებას, რომელსაც ქართული წყალბურთის ისტორიაში ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა”.
სამინისტროს პრესსამსახური