დარასელიას თასი: თბილისის “დინამომ” არნემის “ვიტესი” დაამარცხა (ვიდეო)
გუშინდელი დღის ბოლო შეხვედრაში დინამო თბილისმა ვიტესს უმასპინძლა. თბილისელებს ორი მოგების შემდეგ უკვე განაღდებული ჰქონდათ ნახევარფინალის საგზური, თუმცა მატჩს არანაკლები პასუხისმგებლობით მიუდგნენ და ჰოლანდიელები დიდი ანგარიშით 5:1 დაჯაბნეს. ვახტანგ იაგორაშვილის შეგირდებმა მატჩის დაწყებისთანავე ტურნირის უსწრაფესი გოლი გაიტანეს. მატჩის პირველივე წუთზე თავი დავით ზურაბიანმა გამოიჩინა. ორიოდე წუთში შედეგიანად თორნიკე მორჩილაძემ გაისროლა და დინამოს დიდი უპირატესობა შეუქმნა. მესამე გოლი ლამაზი და ზუსტი საჯარიმო დარტყმით თავის ანგარიშზე შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი აზაროვმა ჩაიწერა. შეხვედრის 61- ე წუთზე ჯადული იობაშვილმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა ვიტესის კარში, საპასუხოდ კი აზიზ სესაიმ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა. ცოტახანში ისევ იობაშვილმა იყოჩაღა და საბოლოო ანგარიში 5:1 დააფიქსირა. დინამოელები 28 აპრილს 20.00 საათზე ტურნირის ნახევარფინალში მოსკოვის სპარტაკს შეხვდებიან. მატჩი დინამოს აკადემიის მოედანზე გაიმართება.
დინამო 5:1 ვიტესი
გოლი: ზურაბიანი, მორჩილაძე, აზაროვი, იობაშვილი (2), სესაი
გაფრთხილება: ბაბლუანი, ზურაბიანი, სმიტსი
დინამო: შურღაია, ხვადაგიანი (შაუთიძე 36), სალუქვაძე, უბილავა (ერაძე 44), ბაბლუანი, გოგობერიშვილი (ჩხეტიანი 36), მორჩილაძე, ზურაბიანი, იობაშვილი, ოსიყმაშვილი (აზაროვი 50), ქავთარაძე
ვიტესი: გადელა, ეუსტატია, ესაია (სესაი 51), დავიდსი, სიურული, დერკსენი (ვან ბეემი 36), სმიტსი, შტეფენი (ვან სტრენი 36), ვან რიინი, სანდერსი, გროტენჰაისი
Fcdinamo.Ge