თბილისის “დინამომ” მარტვილში საფეხბურთო სკოლა გახსნა (ვიდეო)
მარტვილში საფეხბურთო სკოლა გაიხსნა, რომელშიც დინამოს აკადემიის ფილიალი იფუნქციონირებს. ეს კლუბის პრეზიდენტის – რომან ფიფიას იდეა გახლდათ, განხორციელებული იდეა, რომელიც დინამოსთვის და მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
დინამოს აკადემიის ფილიალი 8-დან 13 წლამდე ასაკის ფეხბურთელებს მოემსახურება. იფუნქციონირებს 6 ასაკობრივი ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტირებით, ეკიპირებით, საწვრთნელი პროცესით, რომელიც დინამოს პროგრამით ჩატარდება და ვარჯიშის შემდეგ კვებით. ფილიალში სწავლა კი უფასო იქნება.
საფეხბურთო სკოლის გახსნის ცერემონიალს კლუბის და აკადემიის ხელმძღვანელობის გარდა, მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, დინამოს ლეგენდარული ფეხბურთელები – ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, ოთარ გაბელია, თენგიზ სულაქველიძე, რევაზ ძოძუაშვილი, დავით მუჯირი, ვახტანგ ქორიძე და ლევან ნოდია ესწრებოდნენ.