თბილისის “დინამომ” რომან გოცირიძეს კრიტიკას უპასუხა
უეფამ თბილისის “დინამო” ფანების გარკვეული ნაწილის მიერ დროშაზე “ფაშისტური” სიმბოლიკების მქონე დროშის გამოფენისთვის 50 000 ევროთი დააჯარიმა და ამასთანავე “ფეიენოორდთან” მატჩის ცარიელ სტადიონზე ჩატარებაც დაავალა.
“დინამომ” ეს გადაწყვეტილებ გაასაჩივრა, რასაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე კრიტიკით გამოეხმაურა. “დინამომ” რამდენიმე საათში უპასუხა პოლიტიკოსს.
“დინამო თბილისის პასუხი პარლამენტის წევრის რომან გოცირიძეს განცხადებაზე.
ბ-ნო რომან, ტალახის სროლა და დადანაშაულება ძალიან მარტივია. რატომღაც, შეწუხდით და დინამო თბილისის კრიტიკით დაკავდით, თუმცა თავი არ შეგიწუხებიათ და არ მოგიკითხავთ კლუბის წარმომადგენლებთან რა მოხდა.
დინამო მიიჩნევს რომ მის მიმართ განხორციელდა არასამრთლიანი სანქცია, რადგანაც ავადხსენებული ბანერი ბევრჯერ იყო გამოფენილი თამაშების დროს და ის არასდროს ჩათვლილა ფაშისტურ სიმბოლიკად, რამეთუ მასზე გამოსახულია 1988, ანუ ფანკლუბის დაარსების წელიწადი.
ერთ რამეში კი მართალი ბრძანდებით, რომ ვიღაც ტვინგამორეცხილი ამ ბანერს იყენებს მე- 2 მსოფლიო ომში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალთან აშკარად არამისაღები ჟესტით. დინამო მიიჩნევს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მიზანმიმართულ პროვოკაციას გუნდის წინააღმდეგ ძალზე მნიშვნელოვანი თამაშების წინ და მით უფრო გულდასაწყვეტია, რომ „ხალხის რჩეული“ ნაცვლად კლუბთან გვერდში დგომისა, მის დაკნინებით ხართ დაკავებული.
დინამო თბილისისთვის შეურაცმყოფელია მის სახელთან ნებისმიერი ფაშისტური და ნაცისტური გამოვლინების დაკავშირება და კლუბი ემიჯნება მათ ნებისმიერ გამოვლინებას,” – ვკითხულობთ განცხადებაში.