თბილისის “დინამომ” “ტორპედო” დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში გალიდერდა

3 ნოემბერს, საქართველოს Crystalbet ეროვნული ლიგის 33-ე ტურში თბილისის “დინამომ” საკუთარ მოედანზე ქუთაისის “ტორპედო” მიიღო და 2:1 გაიმარჯვა.
მატჩს სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თბილისური კლუბი გამარჯვების შემთხვევევაში გალიდერდებოდა და ბათუმის “დინამოს” ორი ქულით გადაასწრებდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-20 წუთზე ლევან კუტალიამ გახსნა – მას საჯარიმოში ბურთი მეტოქის მცველისაგან მიუვიდა და გოლი მარტივად გაიტანა. 14 წუთში წუთში კუტალიამ მეორე გოლიც გაიტანა – თბილისელებმა სწრაფი კონტშეტევა განავითარეს, კუხიანიძემ კუტალიას იდეალური გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი უპირატესობა ორამდე გაზარდა.
საბოლოო ანგარიში 94-ე წუთზე დაფიქსირდა, გიორგი კიკნაძემ მასპინძელთა საჯარიმოში არეულობით ისარგებლა – 2:1 დინამოელთა სასარგებლოდ.
საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი. პირველ ადგილზე 66 ქულით თბილისის “დინამოა”, რომელსაც ორი ქულით ჩამორჩება ბათუმის “დინამო”.
ფოტო: fcdinamo.ge