”თბილისის კავკასიელები” ბოლო წუთზე დამარცხდნენ
დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე, ქართული რაგბის ევროპული საკლუბო დებიუტი გაიმართა. საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებით დაკომპლექტებული ”თბილისის კავკასიელები”, ჩელენჯ ქაფის, პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში, იტალიურ ”რაგბი როვიგო დელტას” ესტუმრნენ და ანგარიშით, 22:18 დამარცხდნენ. სამწუხაროდ, ქართველ მორაგბეებს, გამარჯვება ბოლო წუთზე გამოეცალათ ხელიდან. შეხვედრა, მთლიანობაში საკმაოდ საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა, რასაც გარდამავალი უპირატესობაც თან ახლდა. ვინაიდან და რადგანაც, იტალიელებმა, დაპირებული ინტერნეტ ლაივ სთრიმინგი არ შემოგვთავაზეს, მატჩს გულშემატკივრებიც და ჟურნალისტებიც, ტექსტური გზით ვადევნებდით თვალს, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირმა შემოგვთავაზა.
ანგარიში მე-3 წუთზე, ყაისაშვილის არეკნით გაიხსნა და ქართული კლუბი, მატჩის დებიუტშივე დაწინაურდა. მე-9 წუთზე, ყაისაშვილმა ჯარიმა შეასრულა, მაგრამ არაზუსტად. რამდენიმე წუთში, ”ლოკოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შკინინმა, მეტოქე გუნდს ლელო დაუდო და ქართული კლუბი 8 ქულით დაწინაურდა. ლელოს შემდეგ, იტალიელებმა 3 ქულით გვიპასუხეს, მათ ჯარიმა გაიტანეს. ზუსტად 3 წუთში, იტალიელებმა ლელოც დაგვიდეს, რასაც ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და როვიგოს მორაგბეები 2 ქულით დაწინაურდნენ, 10-8. პირველი ტაიმის მიწურულს, მასპინძლებმა კიდევ ერთი ლელო დაგვიდეს, მაგრამ გარდასახვა არაზუსტად შეასრულეს. პირველი ტაიმი ”როვიგო დელტას” გამარჯვებით, ანგარიშით 15-8 დასრულდა. 43-მე წუთზე, წიკლაურს ანგარიშის შემცირების შანსი ჰქონდა, მაგრამ ჯარიმა არაზუსტად შეასრულა. 65-ე წუთზე, წიკლაურს კიდევ ერთხელ მიეცა ანგარიშის შემცირების შანსი, რომელიც ამჯერად ზუსტად გამოიყენა, 15-11. მატჩის დასრულებიდან 8 წუთით ადრე, გიორგი შკინინმა კიდევ ერთი ლელო დადო, რასაც წიკლაურის მიერ ზუსტად შესრულებული გარდასახვა მოჰყვა და ქართველებმა გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს, 15-18. სამწუხაროდ იტალიელებმა, ბოლო წუთზე მოახერხეს ლელოს დადება, რასაც ზუსტად შესრულებული გარდასახვა მოჰყვა და გამარჯვებაც, ბოლო წამს გამოგვაცალეს ხელიდან. საბოლოოდ იტალიელებს 22-18 გაიმარჯვეს.
შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო რაუნდი 2 მატჩიანია და საპასუხო შეხვედრა, თბილისსში 27 სექტემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე, ავჭალის სარაგბო ბაზაზე გაიმართება. ბილეთის ფასი 2 ლარი იქნება.