”თბილისის კავკასიელთა” სატურნირო რაზმი იტალიაში მიემგზავრება
საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებით დაკომპლექტებული ”თბილისის კავკასიელთა” რაზმი, დღეს, გვიან ღამით იტალიაში გაემგზავრება, სადაც 20 სექტემბერს, ”ჩელენჯ ქაფის” გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო მატჩში, იტალიურ ”რაგბი როვიგო დელტას” დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩით, ქართული რაგბის ევროპული საკლუბო დებიუტი შედგება.
”თბილისის კავკასიელებმა”, გამგზავრებამდე 2 კვირიანი მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს, რის შემდეგაც საბოლოო შემადგენლობა დაკომპლექტდა.
გამგზავრებამდე, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და 26 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. აქვე შედგა ტურნირზე სათამაშო ფორმის პრეზენტაციაც. პრესკონფერენციის დეტალებს, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს:
ლევან მაისაშვილი: “თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი, რომ “როვიგოსთან” თამაშისთვის მოსამზადებლად 2 კვირა გვექნებოდა. სამწუხაროდ, ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება ვერ მოხერხდა, მაგრამ ასეთი პრობლემები ნებისმიერ გუნდს ექმნება. შეკრებაზე 32 მორაგბე გვყავდა, რომელთაგან ის 26 შევარჩიეთ, რომლებიც იტალიაში მიემგზავრებიან. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, მაგრამ არა მგონია 27-ის მატჩისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, შეზღუდულები არ ვართ და იტალიაში თამაშის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ.
რაგბის კავშირის განცხადებით, მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია, იტალიური მხარის მიზეზით ვერ შედგება. ”როვიგოს” პრესსამსახურის ცნობით, ისინი ეცდებიან ინტერნეტ სთრიმის გამართვას, რაც საეჭვოა. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, სთრიმის ბმულს დაუყონებლივ მოგაწვდით.
განმეორებითი შეხვედრა 27 სექტემბერს, თბილისში, ავჭალის სარაგბო ბაზაზე 17:00 საათზე გაიმართება.