თბილისის “საბურთალო” შინ ზაგრების “დინამოსთან” დამარცხდა
23 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი შედგა თბილისის “საბურთალოსა” და ზაგრების “დინამოს” შორის.
შეხვედრის პირველი ოცი წუთი საქართველოს ჩემპიონის უპირატესობით მიმდინარეობდა. თბილისელებს ამ დროის მანძილზე არაერთხელ მიეცათ სახიფათო მომენტის შექმნის საშუალება, რაც პირველ რიგში გიორგი კოხრეიძეს კარგი თამაშის დამსახურება გახლდათ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში მასპინძლები სათანადოდ ვერ ირჯებოდნენ.
ტაიმის მეორე ნახევარში უპირატესობას კვლავ “საბურთალო” ფლობდა, თუმცა შეხვედრის 39-ე წუთზე საქართველოს ჩემპიონმა კატასტროფულად ითამაშა დაცვაში და ფაქტობრივად შეატარა მეტოქე გუნდის შემტევი ომარ მიგინეიშვილის საჯარიმოში. მეკარესთან პირისპირ მყოფი გავრანოჩივის დარტყმა ტერამ დაბლოკა. ტაიმის მიწურულს უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიიღო “საბურთალოს” ლიდერმა გიორგი კოხრეიძემ, რის გამოც ახალგაზრდა ტალანტს ზაგრებში გასამართი განმეორებითი მატჩის გამოტოვება მოუწევს. ტაიმი ფრედ, 0-0 დასრულდა.
შეხვედრის მეორე ტაიმი კვლავ “საბურთალოს” უპირატესობით მიმდინარეობდა. 51-ე წუთზე “საბურთალოს” მონტონეგროელმა შემტევ როლოვიჩს ძალიან რეალური მომენტი შეექმნა, თუმცა მისი თავური ხორვატული კლუბის მეკარემ, ლივაკოვიჩმა, მოიგერია. ამის შემდეგ მოედანზე სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, “საბურთალოს” შეტევებს “ზაგრები” სახიფათო კონტრ-შეტევებით პასუხობდა. სტუმართა ერთ-ერთ ასეთ შეტევას მისლავ ოშიჩის გოლი მოჰყვა (67′).
“საბურთალომ” თავის ჩვეულ სტილს არც გოლის გაშვების შემდეგ უღალატა და მაქსიმალურად ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას. შეხვედრის 75-ე წუთზე “საბურთალოს” კარის მიმართულებით მატჩის ჩეხმა მთავარმა არბიტრმა საეჭვო პენალტი დანიშნა, რომელიც გოლად პეტკოვიჩმა აქცია. მეოთხმოცე წუთისთვის ბრწყინვალე მომენტი შეექმნა “საბურთალოს” ლეგიონერ შემტევ როლოვიჩს, თუმცა ამ უკანასკნელმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო მეტოქე გუნდის კარის დალაშქვრა. ასე რომ, ღირსეული ბრძოლის მიუხდავად, თბილისური კლუბი ხორვატულ გრანდთან
მშრალად დამარცხდა – 0:2.