თბილისის თასი 2014 – ჯილდო იაგუარებმა მოიპოვეს, ბორჯღალოსნები მეორეზე გავიდნენ
იაგუარები თბილისიდან თასით მიდიან
არგენტინელი იაგუარები 41- 7 ესპანეთი
თბილისის თასის 2014 წლის გათამაშების ბოლო მატჩში ესპანეთზე გამარჯვებით იაგუარებმა თბილისის თასი მოიპოვეს.
არგენტინელებმა ხუთი ლელო დადეს და მხოლოდ ერთი მიიღეს. მეორე ნახევარში გულადი ესპანელები გვარიანად შეასკდნენ ძლიერ მოწინააღმდეგეს და პოზიტიურ ნოტაზე დაასრულეს ტურნირი.
იაგუარების მწვრთნელმა, ვერნანდო ურდანეტამ განაცხადა: „თასის მოპოვებით ნამდვილად ბედნიერები ვართ. კარგი ტურნირი გამოდგა და მოთამაშეებმაც, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებმა ზღვა გამოცდილება მიიღეს. მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო ესპანეთის ნაკრების მიმართ, რომლებმაც თავიანთი ნიჭი მეორე ნახევარში გამოავლინეს და საქმე გაგვირთულეს. ახლა მთავარია, ჩემმა ბიჭებმა ეს გამოცდილება გამოიყენონ, რათა „უფროსებს“ კონკურენცია გაუწიონ.“
ესპანელებმა დიდი გულით ითამაშეს და მატჩის ბოლო წუთამდე ფარ-ხმალი არ დაუყრიათ. კაპიტანმა პაბლო ფეიხომ ნამატჩევს განაცხადა: „პირველ ნახევარში ძალიან გაგვიჭირდა. ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგესთან ქარის საწინააღმდეგოდ მოგვიწია თამაში და პირველ ტაიმში 30 ქულა გავუშვით. მეორე ნახევარში მოვუმატეთ. რამოდენიმე კონტრშეტევა განვახორციელეთ და ვანახეთ არგენტინელებს თუ რას წარმოვადნენდით. ლელო დავდეთ, თუმცე კიდევ რამოდენიმე ლელოს შანსი გვქონდა. საბოლოო ჯამში თამაშით კმაყოფილი ვარ. ამ ტურნირზე კარგი გამოცდილება მივიღეთ და ასეთი მაღალი დონის გუნდებთან თამაში ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.“
ლო 34-10 მზარდი იტალია
თბილისის თასის მესამე რაუნდის პირველ შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა 34-10 სძლიეს მზარდ იტალიელებს.
პირველი ნახევრის ერთი და მეორე ნახევრის სამი ლელო (მათ შორის ორი ტექნიკური იყო), საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისათვის.
საქართველოს ნაკრები მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში დომინირებდა. ბურთის ფლობა და ტერიტორიული უპირატესობაც მათი იყო, რაც 13 ქულით დაუფასდათ.
ბორჯღალოსნები მე-14 წუთზე დაწინაურდნენ – ლაშა მალაღურაძემ 50 მეტრიდან შეასრულა ჯარიმა და გუნდი 3 ქულით დააწინაურა.
მალევე ბორჯღალოსნები 6 ქულით დაწინაურდნენ, მას შემდეგ რაც ბექა წიკლაურმა 22 მეტრიანი ზონის გარეთ არეკნი გაიტანა.
პირველი ნახევრის დასრულებამდე ცოტა დრო რჩებოდა, როდესაც ზურაბ ჟვანიამ ტურნირზე თავისი მეორე ლელო დადო, რომელიც მალაღურაძემ გარდასახა და ბორჯღალოსნები 13-0 დააწინაურა.
საქართველოს ნაკრებმა მეორე ნახევარი კვლავ დომინირებით დაიწყეს. ბორჯღალოსნებმა იტალიელთა შერკინება რამოდენიმეჯერ დაჯაბნეს და ტექნიკური ლელოც მიითვალეს. გარდასახვაც ზუსტი იყო და 20-0 გახდა. იტალიელებს შერკინებაში საკმაოდ გაუჭირდათ და მიღებულ ტექნიკურ ლელოს ექვს წუთში კიდევ ერთი მიამატეს. მალაღურაძემ კვლავ იზუსტა და ანგარიში 27-0 დააფიქსირა.
ჯეიმს ამბროზინის 55-ე წუთზე მიეცა ანგარიშის შემცირების შესაძლებლობა – კარის წინ დანიშნული ჯარიმა ზუსტი იყო. ამ ჯარიმას ბორჯღალოსნებმა კი მეოთხე, ბონუსის მომტანი ლელოთი უპასუხეს – ნაკრების ახალწვეულმა, 19 წლის მურაზ გიორგაძემ იტალიელთა გრძელი პასი ჩაჭრა და ლელომდე 35 მეტრი ირბინა.
იტალიელებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ, რასაც მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე მათი ლელო მოყვა და მატჩის საბოლოო ანგარიში 34-10 დაფიქსირდა.
იტალიელთა მწვრთნელმა, მარიუს ღუზენმა განაცხადა: „ბიჭებმა დღეს რაგბის კარგი გაკვეთილი მიიღეს. ქართველებმა თავიანთი ფიზიკური ძალა და გამოცდილება სრულიად გამოიყენეს, რასაც ჩვენ ვერაფერი დავუპირისპირეთ. ტურნირით კმაყოფილი ვარ და მინდა ორგანიზატორებს და განსაკუთრებით საქართველოს რაგბის კავშირს დიდი მადლობა გადავუხადო.“
ნამატჩევს მილტონ ჰეიგმა განაცხადა: „შერკინების გარჯით კმაყოფილი ვარ. დავით ქუბრიაშვილმა შესანიშნავად ითამაშა და მისი ყოფნა შეეტყო გუნდს. მოწინააღმდეგე წნეხის ქვეშ ვამყოფედ და შერკინებიდან ორი ლელოც მივითვალეთ. ხარვეზებსაც ჰქონდა ადგილი. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ტურნირის კარგად დასრულებას, რასაც 20 ქულიანი სხვაობით მოგებული თამაშით მივაღწიეთ კიდეც. შუა კვირას უკეთესად, რომ გვეთამაშა არგენტინას მოვუგებდით და ტურნირშიც გავიმარჯვებდით. მე საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ. ჩვენ ორი მიზანი გვქონდა: მოთამაშეების გამოცდა და ტურნირის მოგება, სამწუხაროდ ეს უკანასკნელი ვერ მოვახერხეთ.“
Rugby.Ge