თბილისის თასი 2015, ბორჯღალოსნების რაზმი
8 დღეში საქართველოს დედაქალაქი სარაგბო ციებ-ცხელების ესტაფეტას რუსთავისგან გადმოიბარებს და ‘მსოფლიო რაგბის’ თბილისის თასის წლევანდელ გათამაშების ფერხულში ჩაებმევა. 13, 17 და 21 ივნისს ტურნირს ტრადიციულად ავჭალის სარაგბო სტადიონი უმასპინძლებს. ტურნირი ზედეზედ მესამედ იმართება. პირველ გათამაშებაში სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო 15-ეულმა იმარჯვა, შარშან არგენტინელმა იაგუარებმა იყოჩაღეს, ხოლო წელს თასის მოსაპოვებლად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ურუგვაის ეროვნული ნაკრები, მზარდი ირლანდიისა და მზარდი იტალიის ნაკრებები შეეჯიბრებიან.
ქართული რაზმი
თბილისის თასი განვითარებაზე ორიეტირებული ტურნირია, რომელსაც ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბი მსოფლიოსთვის მოსამზადებელ ერთ-ერთ ეტაპად განიხილავს. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა ტურნირისთვის ჯერ 26 მორაგბეს უხმო, ხოლო დარჩენილ ერთ მოთამაშეს მზარდი საქართველოს 2- მატჩიანი სერიის დასრულების შემდეგ დაასახელებს.
„ვაპირებთ მზარდი საქართველოს სელექციაში მოხვედრილ ბიჭებზე დაკვირვებას. რა თქმა უნდა გარანტიას არავის ვაძლევ მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ნაკრებშიც არანაკლებ ძლიერი მოთამაშეები გვყავს. მათ მიიღეს შანსი და ახლა მათზეა დამოკიდებული რამდენად გაამართლებენ მოლოდინს და რა დონეზე ითამაშებენ. ჩვენი მთავარი ამოცანაც იმაში მდგომარეობს, რომ თუ მზარდი საქართველოს ბიჭები კარგად ითამაშებენ, ჩვენ მათგანაც ავარჩევთ რამდენიმეს.“განაცხადა მილტონ ჰეიგმა
თბილისის თასის სატურნირო რაზმში რამდენიმე ისეთი მორაგბეს ვიხილავთ ვისაც ტრავმების გამო დიდი ხნის განმავლობაში არ ეთამაშათ ერვნულ ნაკრებში – ჯაბა ბრეგვაძე, ვასილ კაკოვინი, ვიქტორ კოლელიშვილი და დიმიტრი ბასილაია.
„წელს ტურნირს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მსოფლიო თასისთვის ვარჩევთ მოთამაშეებს. ამ გათამაშებაში საშუალება გვეძლევა ვიხილოთ ტრავმების გამო დიდი ხნის პაუზის შემდეგ დაბრუნებული მოთამაშეებიც.
„ასევე ეს შანსია ისეთი მოთამაშეებისთვისაც, რომელთა შესაძლებლობებიც ჩვენთვის ბოლომდე არ არის ნათელი, ეს ტურნირი კი, საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ისინი და მსოფლიო თასის სატურნირო, 36 კაცინ განაცხადშიც კი მოვიაზროთ ზოგიერთი მათგანი.
„დავუძახეთ რამდენიმე მოთამაშეს, რომელთა ნახვასაც ამ განსაკუთრებით ველოდებით, მაგალითად ტალახაძე და ფრუიძე – მაინტერესებს გაწვდება თუ არა მათი ძალები მსოფლიო თასისთვის შესარჩევი ნაკრების მოთხოვნებს.
გამოძახებულნი არიან:
ხაზი: ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), გიორგი აფციაური (აია), მურაზ გიორგაძე (არმაზი), ალექსანდრე ხუციშვილი (ბოლნისის ყოჩები), გიორგი ფრუიძე (აია), რევაზ გიგაური (მონსულონ), მერაბ შარიქაძე (ორიაკ), თამაზ მჭედლიძე (აჟენი), გიორგი ტალახაძე (ლელო სარასენს), ლაშა მალაღურაძე (ბანიერი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები), გიორგი ბეგაძე (ბოლნისის ყოჩები)
შერკინება: ჯაბა ბრეგვაძე (ბოლნისის ყოჩები), სიმონ მაისურაძე (ვალანსი), ვასილ კაკოვინი (ტულუზა), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), ანტონ ფეიქრიშვილი (ბრივე), ირაკლი მირცხულავა (ტარბ), ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკ), გიორგი ჩხაიძე (ლილი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონ), ლევან დათუნაშვილი (ორიაკ), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), დიმიტრი ბასილაია (პერპინიან), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი)
Rugby.GE