თბილისს ახალი საფეხბურთო მოედანი შეემატება (ვიდეო)
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მდებარე სტადიონი დაათვალიერეს.
ახალი სტადიონი, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შუამდგომლობის შედეგად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილებით ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა. დადგენილების შესაბამისად, ფეხბურთის ფედერაცია იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს აღნიშნული სტადიონის უეფას მე-2 კატეგორიის დონეზე მოწყობა, რის შემდეგაც აქ საქართველოს ეროვნული შეჯიბრებები და სხვადასხვა საერთაშორისო მატჩები ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ 19-წლამდელთა შორის ევროპის 2017 წლის ფინალურ ეტაპს სწორედ ახალი სტადიონი უმასპინძლებს.
ამ სტადიონით ისარგებლებენ მძლეოსნებიც. მათ შეეძლებათ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, გამოიყენონ კომპლექსი ეროვნული და საერთაშორისო ჩემპიონატების ჩასატარებლად.
სფფ-ის პრესსამსახური