თედო აბჟანდაძე: “დავინახეთ, რომ ჩვენი სისტემა მუშაობს”
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრმა, თედო აბჟანდაძემ “შემოდგომის ერთა თასზე” უელსთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“შთაბეჭდილებები ბევრად უკეთესია. თავსაც ბევრად უკეთესად ვგრძნობდით. დაახლოებით 70 წუთი თამაშში ვიყავით, 13:0 იყო ანგარიში. შეგვეძლო მომენტების გამოყენება, ლელოთი თუ არა, სამი ქულის აღება მაინც, მაგრამ ბოლოს მაინც გვაკლდებოდა დისციპლინა. ხან ბურთი გვივარდებოდა, ხან ვჯარიმდებოდით, რამაც გამოიწვია ის, რომ ქულები ვერ ავიღეთ.
პირველ ტაიმში იყო მომენტი, როცა ჯარიმის დარტყმა შეიძლებოდა, მაგრამ შერკინების მოთამაშეები ამბობდნენ, რომ მოლში თავს კარგად გრძნობდნენ. შეგვეძლო მოლით დაგვედო ლელო, მაგრამ ერთი შეცდომის გამო დავკარგეთ ბურთი.
უფრო მეტი დრო ჩვენ მოედანზე ვიყავით და ჩვენ მოედანზე თამაში, ძირითად შემთხვევებში, კარგად არ მთავრდება. ამის გამო, ვცდილობდით, რომ იმათ მოედანზე გადავსულიყავით და მათ მოედანზე გვეთამაშა ხელით. მეორე ტაიმში, პოზიციურად, ჩვენ მოედანზე დიდად აღარ ვყოფილვართ და უფრო მეტად გავთამამდით.
ეს სამი მატჩი რომ შევაჯამოთ, თამაშიდან თამაშამდე გუნდი იზრდება. შეტევაში უფრო მეტად ვთამამდებით. ჩემი აზრით, უნდა შევინარჩუნოთ იგივე ტემპი, გავაუმჯობესოთ კიდევაც, დავრჩეთ ჩვენ სისტემაში. დღესაც დავინახეთ, რომ ჩვენი სისტემა მუშაობს, უპირატესობის ხაზსაც ვკვეთდით, მაგრამ ისევ ჩვენი შეცდომების გამო ბურთს ვკარგავდით”, – განაცხადა აბჟანდაძემ.