თელავის “სუფთატრანსფერები” და ევროპაზე გასვლის შანსი
შეიძლება ითქვას, რომ ეროვნულ ლიგაში დაწინაურებულმა “თელავმა” ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სატრანსფერო პოლიტიკა აწარმოვა და გუნდში კვალიფიციურმა და პერსპექტიულმა მოთამაშეებმა მოიყარეს თავი.
“თელავმა” 22 წლის მეკარე ოთო გოშაძე (სიონი), 20 წლის ლაშა კოხრეიძე (საბურთალო), 25 წლის გურამ სამუშია (ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი), 24 წლის ცოტნე მოსიაშვილი (ტორპედო), 27 წლის რაფაელ ჩუკურა (ტორპედო), 31 წლის ვლადიმირ დიმიტროვსკი (ცენტრალური მცველი) დაიმატა.
გოშაძეს დიდი წარდგენა არც სჭირდება. მეკარე “დინამო თბილისში”, “საბურთალოში” და ბათუმის “დინამოში” ირიცხებოდა. ბოლოს “სიონში” იყო, სადაც სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა. იყო ახალგაზრდული ნაკრებების წევრი.
20 წლის ლაშა კოხრეიძე “საბურთალოს” რიგებში ბოლო მატჩებში გამოჩნდა, თუმცა 3 გოლის გატანა მოასწრო.
გურამ სამუშია გასული სეზონის ელიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. “თელავის” წარმატებაზე მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
ცოტნე მოსიაშვილი, პირადად ჩემთვის, მათე ცინცაძის შემდეგ ჩემპიონატში ბურთის საუკეთესო გამანაწილებელია. მოსიაშვილს საოცრად შეუძლია თამაშის წაკითხვა, კონტროლი და დაცვითი ფუნქციების შეთავსებაც.
ნიგერიელი რაფაელ ჩუკურა უნივერსალია და “ტორპედოში” თითქმის ყველა პოზიციაზე გაისარჯა. როგორც თბილისის “მერანში”, ისე “ტორპედოში”, ორივეგან ლიდერი გახლდათ და “თელავმა” მისი დამატებით დიდი შევსება მიიღო.
31 წლის ვლადიმირ დიმიტროვსკი მაკედონიელია და ბოლოს “რაბოტნიჩში” თამაშობდა. კარიერის განმავლობაში “ტეპლიცაში”, “ყარაბახში”, “მლადაში”, “ვესტერლოში” გამოდიოდა. სიმაღლეში 1.87მ-ია და ცენტრალურ დაცვას გააძლიერებს.
კახელებმა, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ტრანსფერი განახორციელონ და მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზეც გაიწიონ.