თემურ ჩოგაძე: “ევროპის ჩემპიონატზე წარმატების მიღწევა გვსურს”
გასულ დღეებში, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისათვის მოსამზადებელ ეტაპზე, თბილისში რუსეთთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა. ორივე მატჩი გიორგი ყიფიანის გაწვრთნილი გუნდის გამარჯვებით (1:0, 1:0) დასრულდა.
გუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად 18 წლის თემურ ჩოგაძე ითვლება. იგი “საბურთალოს” შემტევი ნახევარმცველია, რომელსაც წელს ეროვნულ ლიგაშიც ჰქონდა დებიუტი.
Fanebi.Com ჩოგაძეს დაუკავშირდა და მას საქართველოს 19-წლამდე ნაკრებსა და “საბურთალოზე” ესაუბრა.
– სად დაიწყე ფეხბურთის თამაში?
– ფეხბურთის თამაში 6 წლის ასაკში, “ლოკომოტივში” დავიწყე. 10 წლის ვიყავი, როცა “საბურთალოში” გადავედი და დღემდე ამ კლუბს ვეკუთვნი. თავიდან მარცხენა მცველი ვიყავი, ახლა კი ფლანგის შემტევი ვარ.
– მიმდინარე სეზონში, “საბურთალოს” პირველი გუნდის სამატჩო განაცხადში სისტემატიურად ხვდები. რა მიზანი აქვს გუნდს ეროვნულ ლიგაში?
– “საბურთალო” შეკრული გუნდია. გვინდა, რომ წელს ჩემპიონები გავხდეთ, რისთვისაც ძალას არ დავიშურებთ. ვფიქრობ, ყველაფერი გამოგვივა.
– საქართველოს 19-წლამდე ნაკრების წევრი ხარ. გასულ დღეებში რუსეთის ნაკრები ორჯერ დაამარცხეთ. როგორ შეაფასებდით ამ შეხვედრებს?
– რუსეთის ნაკრები საკმაოდ ძლიერი გუნდია, მათთან თამაში ადვილი არ ყოფილა. თუმცა, მეტოქე ორივე მატჩში ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ და შესაბამისად, ორივე შემთხვევაში დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
– ზაფხულში ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე უნდა ითამაშოთ, რომელიც საქართველოში ჩატარდება. რა არის ჩვენი გუნდის მიზანი?
– რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატის წარმატებით დასრულებაა. ეს რთული იქნება, მაგრამ მთავარი მონდომებაა.
– როგორც ვიცით, რამდენიმე თვის წინ უცხოური კლუბიდან გქონდათ წინადადება…
– ესპანეთის 19-წლამდე ნაკრების შემდეგ რამდენიმე კლუბზე იყო საუბარი, მაგრამ საბოლოოდ, “საბურთალოში” დავრჩი. დღეს კი, ჩემი მიზანი ამ კლუბთან ერთად წარმატების მიღწევაა.