თემურ ქეცბაია: “მეტი უნდა გაგვეტანა”
ევროპის 2016 წლის ჩემპონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მესამე ტურის შეხვედრა სამხრეთ პორტუგალიაში ჩაატარა, სადაც გიბრალტარის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ “ჯვაროსნების” მთავარი მწვრთნელი უკმაყოფილო იყო იმით, რომ მისმა გუნდმა მეტი გოლი ვერ გაიტანა.
“გავიმარჯვეთ, თუმცა ჩემი გუნდის მოქმედებებით კმაყოფილი არ ვარ. პირველ ნახევარ საათში კარგად ვითამაშეთ. გასახდელში ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მხოლოდ 30 წუთით კი არა, 95 წუთის განმავლობაში უნდა გვეთამაშა. მეტი უნდა გაგვეტანა, რადგან ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ გადანაწილდება ამ ჯგუფში ადგილები.
გიბრალტარის ნაკრების პატივისცემის მიუხედავად, შესაძლოა, ბურთებს შორის სხვაობამ ჯგუფში ბევრი რამ გადაწყვიტოს. ვფქრობ, ჩემი ფეხბურთელები მატჩს არასწორად მიუდგნენ. ასეთ მეტოქეს მაქსიმალურად ბევრი გოლი უნდა გაუტანო. სამი ქულა ავიღეთ, რაც ჩვენი მთავარ მიზანი იყო. გიბრალტარისა და პოლონეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს ვუყურე და ვფიქრობ, გიბრალტარელებმა დღეს უკეთ ითამაშეს.
მომდევნო შეხვედრას პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ გავმართავთ და გვინდა, დადებით შედეგს მივაღწიოთ. თუ გუნდი მოედანზე ისეთივე განწყობით გავა, როგორიც შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში ჰქონდა, კარგ შედეგს ვაჩვენებთ. ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან კარგი ფეხბურთელები მყავს, თუმცა ფსიქოლოგიური კუთხთ სამუშაო გვაქვს”, – განაცხადა ქეცბაიამ.
საქართველოს ეროვნული გუნდი მომდევნო შეხვედრას 14 ნოემბერს, თბილისში, პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.