თემურ ქეცბაია: “პენალტი და ფეხბურთელის გაძევება გადაჭარბებული იყო”
უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრაში ნიქოზიის “ომონიამ” “დინამო ბათუმი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
მატჩს ესწრებოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, რომელმაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში აღნიშნული შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა.
“მიუხედავად იმისა, რომ “დინამო ბათუმმა” პირველი ტაიმი ღირსეულად ჩაატარა, მეორე ნახევარში ჩვენი კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა და ფეხბურთელი გააძევეს მინდვრიდან. ამ ორი მატჩიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ “დინამო ბათუმი” ღირსეულად გამოვიდა. გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გასულიყო მომდევნო ეტაპზე, მაგრამ… ეტყობა, რომ “დინამოში” სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს და იმედი მაქვს, გუნდი მომდევნო სეზონში უფრო მზად იქნება.
ვფიქრობ, რომ გაძევებამ დიდი როლი ითამაშა ამ შეხვედრაში. ასეთ პირობებში ათი კაცით თამაში ძალიან ძნელია. რომ არა გაძევება, არავინ არ იცოდა, როგორი თამაში წავიდოდა. მსაჯს შეეძლო, პენალტი დაენიშნა და ფეხბურთელი არ გაეძევებინა. შეიძლება ითქვას, რომ თერთმეტმეტრიანი და გაძევება გადაჭარბებული იყო ამ მომენტში”, – აღნიშნა ქეცბაიამ.