თემურ ქეცბაია საბერძნეთის ნაკრების ჩაბარების წინააღმდეგი არ არის
საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კვლავ მოიაზრება თემურ ქეცბაიას კანდიდატურა.
როგორც მოგეხსენებათ, გასულ კვირას სერხიო მარკარიანმა გუნდის თავკაცის პოსტი წარუმატებელი შედეგების გამო დატოვა. ურუგვაელი სპეციალისტის თავკაცობით ბერძნებმა სტუმრად უნგრელებთან უგოლოდ ითამაშეს, ფარერის ნაკრების ფეხბურთელების წინააღმდეგ გამართულ მატჩში კი ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ. ახლა გუნდს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფში 2 ქულით უკანასკნელი ადგილი უკავია.
მას შემდეგ, რაც მარკარიანმა პოსტი დატოვა, კვლავ გავრცელდა ინფორმაცია საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაიას შესაძლო დანიშვნის შესახებ.
ბერძნულ ინტერნეტპორტალ Gazzetta.gr-ის რეპორტიორთან საუბრისას ქეცბაიამ განაცხადა, რომ საბერძნეთის ნაკრების ჩაბარების სურვილი აქვს, თუმცა საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციიდან ამ დრომდე არავინ შეხმიანებია.
“ჩემს კანდიდატურას მანამდეც ასახელებდნენ, სანამ გუნდს მარკარიანს ჩააბარებდნენ და ახლაც ასახელებენ, თუმცა ეს თავისთავად არაფერს არ ნიშნავს. მთავარია, არა ის, ვის კანდიდატურას ასახელებენ, არამედ – საბოლოოდ ვინ გახდება ნაკრების თავკაცი.
როდესაც ეროვნულ ნაკრებში თამაშობ, ყველაფერი უნდა გააკეთო საკვალიფიკაციო ეტაპის დასაძლევად. გუნდში არიან უცხოეთში და საბერძნეთში მოთამაშე ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა. საბერძნეთის ნაკრებს პერსპექტივა აქვს და საკვალიფიკაციო ეტაპიდან ფინალურ ტურნირებზე გასასვლელად უნდა იბრძოდეს.
კარგი ფეხბურთი მაღაზიაში არ იყიდება. მთავარია გუნდური ორგანიზება, დისციპლინა და ბევრი მოთმინება.
ჯგუფიდან გასვლა რთულია, მაგრამ მე მჯეროდა. ახლა მხოლოდ თეორიული შანსი არსებობს, თუმცა გუნდი არ უნდა გაჩერდეს. დარჩენილია მატჩები, რომლებიც რეიტინგის გასაუმჯობესებლად ნაკრებმა უნდა მოიგოს.
გამოცდილებისა და სწორი რეჟიმის წყალობით შეიძლება წარსულში მიღწეული წარმატებების გამეორება”, – ციტირებს ქეცბაიას სიტყვებს Gazzetta.gr