თემურ ქეცბაიას “ნიუკასლის” მწვრთნელობა სურს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი თემურ ქეცბაია მზადაა “ნიუკასლის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავოს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ალან პარდიუმ “ნიუკასლი” დატოვა და “კრისტალ პალასს” მიაშურა. როგორც ცნობილია, ნიუკასლელთა მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი ქეცბაიაცაა.
“ნიუკასლში” მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდები. რა თქმა უნდა, ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობით მეც ვარ დაინტერესებული. ბევრი არ არის ისეთი მწვრთნელი, რომელიც ამ კლუბს უარს ეტყვის. მე ყოველთვის მზად ვარ, “ნიუკასლის” ხელმძღვანებლობას ვესაუბრო.
ხშირად მითქვამს, რომ ინგლისში მუშაობა მსურს და ვფიქრობ, ეს კარგადაც გამომივა. კლუბში არაერთი წელი ვიმუშავე, სადაც ჩემპიონატის მოგება და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მოვახერხე. ასევე, ეროვნულ ნაკრებს ხუთი წლის განმავლობაში ვწვრთნიდი, ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩემი კვალიფიკაცია პრობლემას არ წარმოადგენს”, – უთხრა ქეცბაიამ Sunday Sun-ს.
თემურ ქეცბაიას “ნიუკასლის” შემადგენლობაში რამდენიმე სეზონი აქვს გატარებული და შეიძლება, ითქვას, მას ამ გუნდის გულშემატკივრები არაერთხელ გაუხარებია.
“ნიუკასლი” დიდი კლუბია, რომელსაც გასაოცარი გულშემატკივრები ჰყავს. ეს კლუბი ჩემს გულთან ძალიან ახლოსაა, აქ გატარებული დრო კარგად მახსენდება. “ნიუკასლის” მაისურით ოთხი წლის განმავლობაში ვთამაშობდი და უდიდესი გამოცდილება მივიღე. სურვილი მაქვს, აქ ისევ დავბრუნდე. ამ კლუბს თასების მოგება და ევროტურნირებზე კარგად თამაში შეუძლია”, – აღნიშნა ქეცბაიამ.