‘თემურ, რას აკეთებ?’ – ქეცბაიამ საკუთარი გუნდის თავდამსხმელს წყლის ბოთლი ესროლა
20 ნოემბერს, კვიპროსის ჩემპიონატში “ანორთოსისი” სტუმრად ნიქოზიის “ოლიმპიაკოსს” დაუპირისპირდა და 3:2 დამარცხდა. “ანორთოსისი” 12-გუნდიან ლიგაში, მე-9 ადგილს იკავებს.
კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ მატჩის შემდეგ, გასახდელში რამდენიმე ფეხბურთელსა და მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას შორის სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.
sportdog.gr-ს ცნობით, ქეცბაიამ გასახდელში ჯერ ცენტრალურ მცველებს უსაყვედურა, შემდეგ კი თავდამსხმელებს – კაილ ლაფერტისა და ნიკა კაჭარავას. ლაფერტიმ ეს შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ის კაჭარავამ 52-ე წუთზე შეცვალა. მწვრთნელი მათ ეჩხუბებოდა იმის გამო, რომ მარტივ სიტუაციებში გოლები ვერ გაიტანეს.
ქეცბაიამ ლაფერტის წყლის ბოთლი ესროლა, ირლანდიელმა კი მას ასე უპასუხა: “Fuck You!” ქართველმა სპეციალისტმა ფეხბურთელს უთხრა, რომ “ანორთოსისში” მისი ადგილი აღარ არის. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მათ შორის ნიკა კაჭარავა ჩადგა, რომელმაც თემურს უთხრა: “რას აკეთებ?” მწვრთნელმა კი თანამემამულესაც უთხრა, რომ გუნდიდან უშვებდა.
ვებ-გვერდის ცნობით, წყლის ბოთლის გარდა, გასახდელში ფეხსაცმელიც ისროლეს, ორივე მხარე კი ერთმანეთზე იწევდა, ფეხბურთელების ნაწილი მათ დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ ეს ძალიან რთული იყო.
შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს “ანორთოსისმა” უეფას კონფერენს ლიგაზე “გენტს” უმასპინძლა და 1:0 მოიგო. გუნდის განაცხადში არც ლაფერტი და არც კაჭარავა არ ყოფილა. სათადარიგოთა რიგებში იყო გიორგი ლორია.