თიბისის რაგბის სერიები 2018
თი ბი სი რაგბის სერიები 2018-ის დაწყებამდე ერთი თვე რჩება. ესაა ტრადიცია, რომელსაც შარშან საქართველოს რაგბის კავშირმა და თი ბი სიმ ერთობლივად ჩაუყარეს საფუძველი. წელსაც, მოწინავე სარაგბო ქვეყნების მსგავსად, საქართველოს ნაკრების ნოემბრის ტესტ-მატჩებს სახელობითი სერიის სახე მიენიჭება და მის ფარგლებში ბორჯღალოსნები სამ ტესტს გამართავენ.
გასვლაზე იტალიასთან და ორი საშინაო მატჩი
10 ნოემბერს, სერიის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრები იტალიას ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე ეთამაშება;
17 ნოემბერს, თბილისში თიბისი რაგბის სერიების პირელი საშინაო მატჩი გაიმართება, რომელშიც ბორჯღალოსნები სამოას უმასპინძლებენ, ხოლო 2018 წლის თიბისი რაგბის სერიების დამაგვირგვინებელ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ტონგას 24 ნოემბერს შეხვდება.
თი ბი სი ბანკში გამართულ პრეზენტაციაზე მედიას და საზოგადოებას თიბისის მარკეტინგის დირექტორმა ნინო ეგაძემ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და ბორჯღალოსანთა თავკაცმა მილთონ ჰეიგმა მიმართეს.
ნინო ეგაძე: „დღეს განსაკუთრებული დღეა. თი ბი სი რაგბის სერიების დაწყებამდე ერთი თვე დარჩა და გულშემატკივარმა დღეების ათვლა დაიწყო. თი ბი სისა და რაგბის კავშირის მეგობრობა წლებს ითვლის და შემოდგომის სერიების თი ბი სის ეგიდით ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა.
„იტალიისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრას ყველა მოუთმენლად ელოდება და ჩვენს განსაკუთრებულად ვემზადებით. თი ბი სი იტალიისკენ დაახლოებით 1000 კაციანი დელეგაციით მიემგზავრება, ვიცით, რომ ფლორენციაში კიდევ რამდენიმე ათასი ქართველი იქნება და ვფიქრობ, ის დიდი მუხტი, რომელიც ტრიბუნებზე შეიქმნება, აუცილებლად დაეხმარება ჩვენს გუნდს“.
გოჩა სვანიძე: „თიბისი ბანკი ჩვენი საიმედო პარტნიორია და ეს მეგობრობა წლებია გრძელდება. თი ბი სი რაგბის სერია, რომელიც შარშან დაიწყო, ტრადიციად იქცა. ჩვენ ამ მეგობრობას პასუხი გამარჯვებებით უნდა გავცეთ. საქართველოსა და იტალიის ნაკრებების შეხვედრას არა მხოლოდ საქართველოში, მთელს მსოფლიოში ელიან. გველის ორი საშინაო თამაში საქართველოში. ადგილი ჯერ დაზუსტებული არაა და არაა გამორიცხული, რომ გეოგრაფია გავზარდოთ. ნოემბრის სერიას მობილიზებული ვხვდებით და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება“.
მილთონ ჰეიგი: „თიბისი სერია მნიშვნელოვანია როგორც სპორტული, ასევე ჩვენი ურთიერთობის გაგრძელების კუთხით. მთელი ნაკრების სახელით მინდა მადლობა გადავუხადო თიბისის, როგორც მეგობარს და პარტნიორს. წინ გველის მატჩი იტალიასთან და ორი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა სახლში. ზაფხულის ტესტებზე კარგად ვერ გამოვიყურებოდით და მნიშვნელოვანია, მომავალი თამაშები შინ, სამოასთან და ტონგასთან მაღალ დონეზე ჩავატაროთ“.
Rugby.Ge