თორნიკე კაპანაძე “ზესტაფონის” ღირსებას დაიცავს
ზესტაფონელთა გუნდს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა – 21 წლის ახალწვეულის სახელია თორნიკე კაპანაძე. ახალგაზრდა თავდამსხმელი, რომელსაც “სამტრედიის”, წყალტუბოს “სამგურალისა” და ქუთაისის “ტორპედოს” რიგებში უასპარეზია, “ზესტაფონის” ღირსებას მომდევნო 2,5 წლის მანძილზე დაიცავს.
ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ მარგველთა ახალწვეულის შესახებ: თორნიკე კაპანაძე – თავდამსხმელი; დაბადებულია – 04.06.1992; სიმაღლე – 167 სმ, წონა – 65 კგ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ კლუბებში: ”ტორპედო” (ქუთაისი) – 2008-2009; ”სამტრედია” – 2009-2011; “სამგურალი” (წყალტუბო) – 2011-2013; ”ტორპედო” (ქუთაისი) – 2013.
“თორნიკე კაპანაძე თითქმის ერთი წლის განმავლობაში თამაშობდა რეზერვისტთა ტურნირში და მაშინდელი „ტორპედო-2“-ის ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლეც იყო… შემდეგ წყალტუბოს „სამგურალში“ იქნა განათხოვრებული, სადაც მან ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი და 27 გოლით პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა…
მოედანზე სისწრაფით, მოქნილობითა და ძლიერი დარტყმით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ შეარქვეს მეტსახელად „ელვა“. მიუხედავად იმისა, რომ შედარებით ტანმორჩილია, იგი თავით თამაშსაც არ უჩივის, რამეთუ გოლების არცთუ ისე მცირე რაოდენობა სხეულის ამ ნაწილითაც აქვს გატანილი” – ასე ახასიათებს თორნიკე კაპანაძეს თავის ერთ-ერთ პუბლიკაციაში ინტერნეტ-გამოცემა “მსოფლიო სპორტი”.
უნდა ითქვას, რომ ეროვნული ჩემპიონატის დაწყების წინ ახალგაზრდა თავდამსხმელმა თავი ევროკომპანიაში ისახელა – “ჟილინასთან” სლოვაკეთში ფრედ (3-3) დასრულებულ შეხვედრაში თორნიკემ ორჯერ მოახერხა სლავთა კარის აღება. რაც შეეხება ეროვნულ ასპარეზზე მის მონაგარს, ქუთაისელთა მაისურით ფეხბურთელმა 17 შეხვედრა ჩაატარა და თავი 6 გატანილი გოლითაც გამოიჩინა.
მარგველთა ახალწვეული უკვე შეუერთდა გუნდს და მასთან ერთად ივარჯიშა კიდეც.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური