თორნიკე მატარაძე: ”შემოთავაზებები სხვა კლუბებისგანაც მქონდა”
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მორაგბემ თორნიკე მატარაძემ კარიერა ფრანგულ ”ლიონში” გააგრძელა.
Fanebi.Com მატარაძეს დაუკავშირდა და მას რამდენიმე კითხვა დაუსვა.
– რატომ მიიღეთ ”ლიონში” გადასვლის გადაწყვეტილება. იყო თუ არა შემოთავაზებები სხვა კლუბებისგანაც?
– რამდენიმე კლუბზე იყო საუბარი, თუმცა, მათ შორის 30 ივნისამდე ტრანსფერის განხორციელება მხოლოდ “ლიონს” შეეძლო. ისინი ჩემით დაინტერესებულები იყვნენ და კონტრაქტიც მალე გავაფორმეთ.
– თქვენთან ერთად ფრანგულ კლუბში კიდევ ერთი ქართველი გურამ პაპიძე გადავიდა. როგორი გრძნობაა, როდესაც გვერდით თანამემამულე გეგულება?
– ძალიან კარგია, როდესაც უცხოეთში ჩადიხარ და იქ ქართველი გეგულება. ჩემი აზრით, თანამემამულესთან ერთად მორაგბეს ადაპტაცია არ გაუჭირდება. სიმართლე გითხრათ, ”ლიონში” გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ქართველთა ფაქტორი იყო.
– ნახეთ თუ არა ”ლიონის” ბაზა და როგორ შეაფასებდით მას?
– ”ლიონის” ბაზა არ მინახავს, თუმცა გამიგია, რომ ძალიან თანამედროვეა და მორაგბისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი.
– ბოლოს ნაკრებზეც გვითხარით. საქართველოს 20-წლამდელთა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა მე-10 ადგილზე დაასრულა…
– ჩვენ 12 საუკეთესო გუნდში მოვხვდით. რა თქმა უნდა, ყველა მეტოქესთან თამაში გაგვიჭირდა. ცოტა ნაკლები შეცდომა რომ დაგვეშვა და იღბალიც ჩვენს მხარეს ყოფილიყო, უკეთესს შედეგს დავაფიქსირებდით. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის, იტალიის დამარცხება მოვახერხეთ. საბოლოოდ, მე-10 ადგილი დავიკავეთ, რაც ასეთ ტურნირზე კარგი შედეგია.
ინგლისში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა მორაგბემ უდიდესი გამოცდილება მივიღეთ, რასაც მომავალში ჩვენდა სასარგებლოდ გამოვიყენებთ.