თორნიკე მუმლაძე: “ბურსასპორის გამოთიშვა კარგი შედეგია, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ”
ევროასპარეზზე დარჩენილი ერთადერთი ქართული გუნდი საჩხერის “ჩიხურაა”, რომელმაც ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ბურსასპორი” პენალტების სერიაში დაამარცხა. გადამწყვეტი დარტყმა შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე მუმლაძემ ზუსტად შეასრულა. ახალგაზრდა ფეხბურთელს განვლილ შეხვედრაზე და მომდევნო მეტოქეზე ვესაუბრეთ.
– როგორ შეფასებდი “ბურსასპორთან” ჩატარებულ შეხვედრას?
– მთავარია, რომ “ბურსასპორის” დამარცხება მოვახერხეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით. ჩვენთვის ეს შესანიშნავი შედეგია.
– გადამწყვეტი პენალტის შესრულება შენ გხვდა წილად. რას გრძნობდი დარტყმამდე და რა ემოცია დაგეუფლა გატანილი გოლის შემდეგ?
– პენალტის დასარტყმელად რომ მივდიოდი ცოტას ვნერვიულობდი. ვფიქრობდი, რომ ამ დარტყმით ჩვენ საჩხერის “ჩიხურას” ისტორიის შექმნა შეგვიძლია. ბურთთან მისვლის შემდეგ ეს წნეხი მომეხსნა. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ აუცილებლად უნდა გავიტანო. შემდეგ, როდესაც ბურთი ბადეს შეეხო ენით აუღწერელი გრძნობა დამეუფლა.
– გოლი საკმაოდ ემოციურად აღნიშნე. რას იტყოდი ამ ეპიზოდზე?
– თურქ ფანებთან მისვლა ბურსაში გამართული მატჩის შემდეგ მქონდა გადაწყვეტილი. იქ მომხდარმა ამბებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. თუმცა, როდესაც თამაშის მერე დავწყნარდი და ემოციებმაც გადაიარა მივხვდი, რომ ცუდად გამომივიდა და ეს ფაქტი ძალიან არ მესიამოვნა. ამის გამო ბევრჯერ მოვიბოდიშე და ახლა კიდევ ერთხელ მინდა ამის გაკეთება. ეს აღარ განმეორდება.
– “ბურსასპორის” ძლევის შემდეგ რა იქნება “ჩიხურას” მიზანი მიმდინარე ევროასპარეზზე?
– “ბურსასპორის” გამოთიშვა კარგი შედეგია, თუმცა რა თქმა უნდა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ახლა “ნეფტჩიზე” ვფიქრობთ.
– რას იტყოდი მომავალ მეტოქეზე?
– “ნეფტჩი” საკმაოდ კარგი მოთამაშეეებით დაკომპლექტებული, ძიერი გუნდია. იოლი მატჩები ნამდვილად არ გვექნება.