თორნიკე ოქრიაშვილი: “ვიგრძენი, რომ თამაშის ბედი უნდა გადამეწყვიტა”
27 ნოემბერს, რუსეთის პრემიერ ლიგაში “კრასნოდარმა” საკუთარ მოედანზე “ზენიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2:1 დაამარცხა. “კრასნოდარის” სათადარიგოთა სკამზე იჯდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც 63-ე წუთზე შემოვიდა მოედანზე და 95-ე წუთზე ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა. ქართველმა თავის გუნდს, ანგარიშით, 2:1 მოაგებინა.
ოქრიაშვილმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ვარჯიშებზე ასეთ დარტყმებზე ხშირად ვვარჯიშობთ. მოედანზე შესვლის წინ მწვრთნელმა მითხრა, რომ უნდა გამეტანა. ბევრი შანსი შემექმნა. გოლის მომენტში კი ვიგრძენი, რომ თამაშის ბედი უნდა გადამეწყვიტა. დავინახე, რომ მეკარემ ხელით ითამაშა და ის უკვე წინ იყო გამოსული – ხაზზე აღარ იდგა. სწორედ ამის შემეგ გადავწყვიტე, რომ დამერტყა. საბოლოოდ, გავიტანე და გუნდს წარმატება მოვუტანე! უფალი ნამდვილად დამეხმარა,” – განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.