“თქვენ გინდათ, რომ ინფორმაცია დაგიღეჭოთ?” – ქეცბაია ჟურნალისტს
5 აპრილს, კვიპროსის ჩემპიონატში ლარნაკას აეკ-მა საკუთარ მოედანზე “ანორთოსისი” მიიღო და 2:1 გაიმარჯვა.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი საშინელ ფორმაშია. “ანორთოსისმა” კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ხუთ ტურში ვერცერთ მატჩში ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება, სამჯერ დამარცხდა და ორჯერ ფრე ითამაშა. ქართველების გუნდი ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებს.
აეკ-თან შეხვედრის დასრულების შემდეგ თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა და როგორც ხშირად ხდება, მისი და ჟურნალისტების საუბარი საინტერესო გამოვიდა.
ქეცბაია: “კიდევ ერთი მატჩი წავაგეთ, რომლის მოგებაც პირველ ტაიმში შეგვეძლო. სამწუხაროა. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ უფრო ნაკლებს ვიღებთ, ვიდრე ვიმსახურებთ, სხვები კი იმაზე მეტს იღებენ, ვიდრე იმსახურებენ. კვიპროსის თასზე ორი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემპიონატში ბრძოლას არ გავაგრძელებთ. დღეს უფრო მეტი დავიმსახურეთ. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ყველაფერი.”
ჟურნალისტი: “რა კეთდება არასწორად და რატომ ვერ იღებს “ანორთოსისი” იმას, რასაც იმსახურებს? ერთი და იგივე მეორდება და ეს შემთხვევითობაა?
ქეცბაია: “თუ შემთხვევითობა არ არის, მაშინ რა არის?”
ჟურნალისტი: “შეიძლება, გუნდია სუსტი. დერბი ვერ მოიგეთ.”
ქეცბაია: “ყველაფერი თქვით. მეტი რა უნდა ვთქვა, რა გიპასუხოთ?”
ქეცბაია: “როცა სხვა რამეზე ფიქრობ, არ გაქვს იმის საშუალება, რომ საღად იაზროვნო. ვწუხვარ ფეხბურთელების გამო, რადგან გუნდმა უფრო მეტი დაიმსახურა. იმედი მაქვს, მომდევნო მნიშვნელოვან მატჩებში უფრო გაგვიმართლებს. ფეხბურთში იღბალიც საჭიროა. ზოგჯერ ბოლომდე არ იხარჯები, გიმართლებს და იმარჯვებ. ჩვენ ყველა შეხვედრებში მეტოქეებზე უკეთესები ვიყავით, მაგრამ დავმარცხდით.”
ჟურნალისტი: “რას გულისხმობდით, როცა თქვით, რომ ფეხბურთელები სხვა რამეზე ფიქრობენ?”
ქეცბაია: “თქვენ გინდათ, რომ ინფორმაცია დაგიღეჭოთ და ისე მოგაწოდოთ? თავად უნდა გაარკვიოთ.”
შეგახსნებთ, რომ აეკი-“ანორთოსისი” მატჩის მიმდინარეობისას ქვილითაიასა და ქეცბაიას შორის მცირე ინციდენტი მოხდა.