თრილერი “ენფილდზე” (ვიდეო)
უეფას ევროპის ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ლივერპულსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართული საპასუხო მატჩი მეტად დრამატულ ბრძოლაში წარიმართა. როგორც მოგეხსენებათ, წყვილის პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩის დაწყებამდე სტადიონზე შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით “ჰილსბოროს” ტრაგედიაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, შეხვედრას მოულოდნელი სტარტი ჰქონდა: გერმანელები მე-5 წუთზე ჰენრიხ მხითარიანმა დააწინაურა, მე-9 წუთზე კი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა სტუმართა უპირატესობა გაზარდა. მერსისაიდული გუნდის დაცვის ხაზი მეტად სუსტად გამოიყურებოდა, რითაც “დორტმუნდის” ფეხბურთელები კარგად სარგებლობდნენ. პირველი ტაიმი გერმანელებმა 2:0 მოიგეს.
შეხვედრის მეორე ნახევრის სტარტზე დივოკ ორიგიმ ერთი ბურთი გაქვითა და მერსისაიდელებს იმედიც დაუბრუნდათ, თუმცა მალევე მარკო როისმა “დორტმუნდის” ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. თითქოს გერმანელებმა ნაადრევად დაიჯერეს, რომ მერსისაიდული ბარიერი უკვე დაძლეული იყო, მაგრამ “ლივერპული” რისი “ლივერპული” იქნებოდა, ამას რომ შეგუებოდა. გუნდმა ბრძოლა გააგრძელა, რამაც შედეგი გამოიღო: 66-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ ლამაზი დარტყმით “დორტმუნდის” კარში მეორე ბურთი გაიტანა და სხვაობა შეამცირა. 77-ე წუთზე კი მამადუ სახომ თავური დარტყმით ანგარიში სულაც გაათანაბრა. “ლივერპულს” ნახევარფინალური საგზურის მოსაპოვებლად კიდევ ერთი გოლი სჭირდებოდა და გაიტანა კიდეც: მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გამარჯვების ბურთი დეიან ლოვრენმა გაიტანა – 4:3 და მერსისაიდულმა გუნდმა ტურნირის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
უეფას ევროპის ლიგა
საპასუხო მატჩი
“ლივერპული” — “ბორუსია” 4:3 (0:2)
გოლები: ორიგი 48′, კოუტინიო 66′, სახო 77′, ლოვრენი 90+1′ — მხითარიანი 5′, ობამეიანგი 9′, როისი 57′.
გაფრთხილებები: სახო 90+2′ — ჰუმელსი 53′, პიშჩეკი 75′, შმელცერი 90+1.
მთავარი მსაჯი: ჯიუნეთ ჩაქირი (თურქეთი).