თუ ბლატერს პლატინი შეცვლის, უეფამ ახალი პრეზიდენტი ევრო-2016-მდე უნდა აირჩიოს
უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა ფრანტიშეკ ლაურინეცმა განაცხადა, რომ თუ მიშელ პლატინის ფიფას ხელმძღვანელად აირჩევენ, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატამდე ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს.
პლატინიმ, რომელიც უეფას 2007 წლიდან ხელმძღვანელობს, ივლისში განაცხადა, რომ ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის იბრძოლებს.
“უეფას საპრეზიდენტო არჩევნები ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს”, – განაცხადა ლაურინეცმა.
ცნობისთვის, საფრანგეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატი 2016 წლის 10 ივნისს დაიწყება.
უეფას წესები მოითხოვს, რომ კანდიდატურის დაყენების ბოლო ვადასა და არჩევნებს შორის მინიმუმ სამი თვე უნდა იყოს გასული. შესაძლოა, ეს პერიოდი უეფაში შემავალი 54 ასოციაციის წარმომადგენელთა უახლოეს შეკრებაზე შეამცირონ. შეკრება 25 თებერვალს ჩატარდება, ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე.