თუ მუნას დაბური “ლივერპულში” გადავა, შესაძლოა, სალაჰმა კლუბი დატოვოს
Jerusalem Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ “რედ ბულ სალსბურგის” თავდამსხმელი, მუნას დაბური “ლივერპულში” გადავა, შესაძლოა, მოჰამედ სალაჰმა კლუბი დატოვოს.
საქმე იმაშია, რომ დაბური არაბი ებრაელია, სალაჰი კი ეგვიპტელი. ეგვიპტესა და ისრაელს შორის დღემდე მტრული დამოკიდებულებაა, ამ ქვეყნებს შორის მე-20 საუკუნეში ომიც მიმდინარეობდა. ბრიტანულ პრესაში რამდენჯერმე დაიწერა იმის შესახებ, რომ “ლივერპულს” დაბურის შეძენის სურვილი აქვს.
სალაჰს ებრაელების მიმართ თავისი დამოკიდებულება ადრეც გამოუხატავს. 2013 წელს მისი კლუბი “ბაზელი” ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე თელ-ავივის “მაკაბის” დაუპირისპირდა. პირველი მატჩის დაწყების წინ, როცა ფეხბურთელები ერთმანეთს ესალმებოდნენ, სალაჰმა თასმების შეკვრა დაიწყო, რითაც ხელის ჩამორთმევას თავი აარიდა. მეორე შეხვედრაში ეგვიპტელმა ხელი მსაჯებს ჩამოართვა, ებრაელ მოთამაშეებს კი ხელებზე მუჭი შეახო.
ამავდროულად, სალაჰთან დაახლოებული პირები იმას ამბობენ, რომ ის პროფესიონალია და ხსენებული მიზეზის გამო კლუბის გამოცვლას არ აპირებს.